გიორგი კანდელაკი: საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები – სასწაული კონცერტი დადგეს

,,საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს”, – ამის შესახებ დაკავებულმა ბიზნესმენმა, ყოფილმა მოკრივემ, გიორგი კანდელაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები. გუშინ თუ გუშინწინ, [გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის] ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ადვოკატი ჩამეყვანა თბილისში…. სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, ველოდე, ველოდე ადამიანი ცუდად არის-მეთქი, ვამბობდი. წადი ნუ ხმაურობო, პატრულსაც უნდა გამოუძახონო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდა, ბორისსაც განახებთო, ავედი ზემოთ. კამათში ეს მოხდა. საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს“, – განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები