გიორგი ცუცქირიძე: სამწუხაროდ, კვლავ დიდი დოზით ვიხილეთ მორიგი სპეკულაციები ოპოზიციურ მედიაში, თითქოს ქვეყანა შავი ფულის გათეთრების ოაზისად გადაქცეულიყოს
სამწუხაროდ, კვლავ დიდი დოზით ვიხილეთ მორიგი სპეკულაციები ოპოზიციურ მედიაში, თითქოს ქვეყანა შავი ფულის გათეთრების ოაზისად გადაქცეულიყოს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციური მედიის მხრიდან აქცენტების ეროვნულ ბანკზე გადატანის მცდელობა არაობიექტურია.
„დღეს ყველაზე რეზონანსული თემა სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტს უკავშირდება, რაც ოფიციალური ინფორმაციით 700 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება და 2022-2024 წლებში განხორციელდა კერძო პირის სავალუტო ჯიხურის მეშვეობით.
ბუნებრივია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში, რაც მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიწოდებით და შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებებით ხორციელდება.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მთავარი საზედამხედველო ინსტიტუცია აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.
საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება.
თუ რამდენად ეფექტურია სებ-ის მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები, ამის ობიექტური შეფასებისათვის ბაზელის ფულის გათეთრების 2024 წლის ინდექსი (The Basel AML Index) შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც ფულის გათეთრებისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკების დამოუკიდებელი რეიტინგისა და რისკის შეფასების წამყვანი ინსტრუმენტია. მისი შეფასების მეთოდოლოგიაც, რაც 2012 წლიდან ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული, მთელ მსოფლიოში ფულის გათეთრების რისკების ჰოლისტიკურ სურათს იძლევა.
თავის მხრივ, რისკის ქულები ეფუძნება 17 საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მიღებულ მონაცემებს, როგორიცაა: ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფი, საერთაშორისო გამჭვირვალობა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა.
ყოველწლიურად განახლებული, ბაზელის ფულის გათეთრების ინდექსი არის დამოუკიდებელი რეიტინგი, რომელიც აფასებს ქვეყნების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის რისკებს და მათთან ბრძოლის შესაძლებლობებს. ის ეფუძნება 18 ინდიკატორს ხუთ სფეროში, რომლებიც ზომავენ სხვადასხვა ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფულის გათეთრების/ტერორიზმის მაღალი რისკების წარმოქმნას(ფულის გათეთრების/ფინანსური ტერორიზმის/კომუნალური ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოს ხარისხი,
კორუფციისა და თაღლითობის რისკები, ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები, საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები). იგი მოიცავს 203 ქვეყანასა და იურისდიქციას, მათ შორის 164 ქვეყანას.
შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ რისკის ქულები რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებლებს.
2024 წლის ბაზელის ფულის გათეთრების ინდექსის მე-12 საჯარო გამოცემა აჩვენებს, რომ ფულის გათეთრების/ტერორიზმის საშუალო გლობალური რისკის დონე მსოფლიოში გაიზარდა 2022 წლის 5.25-დან 2023 წელს 5.31-მდე, სადაც 10 მაქსიმალური რისკია ანუ რაც უფრო მაღალი ქულა აქვს ქვეყანას, ის ამავდროულად ატარებს მაღალ რისკსაც, ხოლო მაღალი ქულის რიგითობა კი იწყება 1-დან. ცნობისათვის ყველაზე დაბალი ქულა ჰქონდა ისლანდიას 3 და შესაბამისად იყო 164 ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსგავსად, რაც რუსეთ-უკრაინის ომთან და გლობალურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რისკები გაიზარდა ბაზელის ფულის გათეთრების ინდექსით გაზომილი ხუთიდან ოთხ სფეროში: კორუფცია და მექრთამეობა; ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები; საზოგადოებრივი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება; და პოლიტიკური/სამართლებრივი რისკები. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ჩარჩოების ხარისხის ქულები სტატიკური დარჩა.
საქართველო 2024 წლის შეფასებით 4.64 ქულით არის 164 ქვეყანას შორის 113 ადგილზე ანუ გადის ყველაზე დაბალი რისკის მქონე 50 ქვეყანაში დგას გერმანიის მაჩვენებელთან ახლოს(4.63). შედარებისათვის 2012 წელს საქართველოს ჰქონდა 5.64 ქულა და იყო 149 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზე, ხოლო თუნდაც 2021 წელს მისი სარეიტინგო ქულა შემცირებული იყო 4.80 -მდე, და 149 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზე იყო ანუ ყველაზე დაბალი რისკის ზონის 70 ქვეყანაში გადიოდა, ხოლო 2024 წლის მიხედვით როგორც აღვნიშნეთ ქვეყნის სარეიტინგო ქულა და რისკის ქულა კიდევ უფრო შემცირებულია და 50 ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყნებში გავდივართ 164 ქვეყანაში, მაშინ როდესაც ფულის გათეთრების/ტერორიზმის საშუალო გლობალური რისკის დონე მსოფლიოში არა თუ შემცირებული, პირიქით გაზრდილია.
როგორც ვხედავთ ქვეყნის პროგრესი თვალსაჩინოა, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს როგორც რეგიონის ქვეყნებს (აზერბაიჯანი 74, 5.40, თურქეთს – 58, 5.63, უკრაინას 82, 5. 26) ისე ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს: იტალიას(102, 4.84), აშშ-ს (101, 4.81), იაპონიას (104, 4.77), რუმინეთს და ბულგარეთს (91-92, 4.99), ასევე უნგრეთს (88, 5. 06).
ვფიქრობ, წარმოდგენილი სურათიც საკმარისია იმის ობიექტურად შესაფასებლად თუ რამდენად არაობიექტურია აქცენტების ეროვნულ ბანკზე გადატანის მცდელობა ოპოზიციური მედიის მხრიდან, და რამხელა პროგრესი აქვს ქვეყანას ბოლო 12 წელიწადში, რაც დიდწილად სწორედ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს დამსახურებაა.
შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე სებ-ის მხრიდან ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ.
სამწუხაროდ, კვლავ დიდი დოზით ვიხილეთ მორიგი სპეკულაციები ოპოზიციურ მედიაში, თითქოს ქვეყანა შავი ფულის გათეთრების ოაზისად გადაქცეულიყოს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.