„ყველა უცხოელს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს, კომუნიკაციას და შეხვედრებს ტერორისტებთან, რადიკალებთან დაექსტრემისტებთან,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების პერიოდში რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე და საქართველოში მყოფი უცხოელების, მათ შორის დიპლომატიური მისიით მყოფების პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დეტალურად აკვირდება უცხოელების კონტაქტს ოპოზიციასთან.
„მე კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, რომ ისინი ამ ჯერზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს შარშან, დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ასე შემდეგ. დღემდე არის დუმილი, არც ერთს არ გაუკიცხავს ეს ძალადობა და შიდა ტერორიზმი, რომელზედაც დღესაც ირკვევა და გამოძიებიდანაც გვესმის, რომ ამაში იხარჯებოდა ევროკავშირის ფული – ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში.
დღემდე ერთი განცხადებაც არ გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული. ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს, არ უპასუხებს – თუ როგორ იხარჯებოდა, იხარჯებოდა თუ არა და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. ასე რომ, ყველა უცხოელს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ თანხებს და კომუნიკაციას და შეხვედრებს ტერორისტებთან, რადიკალებთან, ექსტრემისტებთან. ამ შეხვედრების გატარებას მე პირადად არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა