სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქალაქ ალმათში, საერთაშორისო გამოფენაზე, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებს და ინოვაციურ აღჭურვილობას გაეცნენ
ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ალმათში ცენტრალური აზიის მინერალების და მეტალების (Mining & Metals Central Asia) 30-ე საერთაშორისო გამოფენა – „სამთო კვლევები და სამთო აღჭურვილობა“ გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში, ქართველი გეოლოგები თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ აღჭურვილობას გაეცნენ, რაც ხელს შეუწყობს წიაღის სექტორის განვითარებაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
მიმდინარე წელს 30 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიება გაიმართა 5 პავილიონსა და ღია სივრცეში, სადაც წარმოდგენილი იყო ტექნიკა და სადემონსტრაციო ზონები.
გამოფენაში მონაწილეობდა 500-ზე მეტი კომპანია 40 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, კანადა, ყაზახეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, აშშ, თურქეთი, სამხრეთ კორეა და სხვა.