შალვა პაპუაშვილი: წელზე მეტია, რაც ე.წ. „მეგობარი აქტი“ – მტრული აქტი ასე ვთქვათ ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ახლა რაღაც ახალი იდეა მოუვიდა
„თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ არ ვცდები, წელზე მეტია, რაც ე.წ. მეგობარი აქტი – მტრული აქტი ასე ვთქვათ ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ახლა რაღაც ახალი იდეა მოუვიდა, იმისთვის, რომ გამომუშავებული იყოს ის დაფინანსება – მილიონიანი კონტრაქტი. თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ; ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, ვხედავთ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით, რომელიც კიევის მედიის თანამშრომელია და ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის თვითონ ეს კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ? იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას“, – აცხადებს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით“, – წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.