რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა – „გარდაქმნის ხელსაწყო“ ლიტერატურის მუზეუმში 10 მარტის ჩათვლით გასტანს

ლიტერატურის მუზეუმში რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა – „გარდაქმნის ხელსაწყო“ გაიხსნა. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა მოიცავს რუსუდან ხიზანიშვილის 2017 – 2018 წლებში შექმნილ ნამუშევრებს. ტილოებზე მისი ცხოვრება გრაფიკულადაა აღწერილი, სიზმრები ახდენილია და მათზე ავტორის ფიქრების და შიშველი, შემაშფოთებელი ემოციების კვალია აღბეჭდილი. რუსუდანი არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. 2015 წელს ის ვენეციის ბიენალეს მონაწილე იყო.
ნინა მდივანის რეცენზია: „რუსუდანი საქართველოში ცხოვრობს. ის საკუთარ გულწრფელ ნამუშევრებს ნაცრისფერი ქალაქის ნაცრისფერ სახელოსნოში ქმნის და მთლიანობაში ეს მისი შინაგანი მღელვარების ნეო-ექსპრესიონოსტულ გამოხატვას ემსახურება. რუსუდანის ნამუშევრები გაურბიან ეთნიკურ ელემენტებს. იგი ქმნის ფერებისა და ფორმების ისეთ სქემებს, რომლებიც თავისი პლასტიურობით და ფოკუსით აბსოლუტურად დასავლურია. გლობალურ ისტორიას, რომელსაც რუსუდანი ამ გამოფენაში უსვამს ხაზს, ორი სხვადასხვა მხარე აქვს და ორივე იმ ეგზისტენციურ შფოთვას ასახავს რომელიც რეალობასთან მიმართებით სუბიექტურია.
პირველი ასეთი მხარე უფრო მეტაფიზიკური, აზრობრივი მიდგომაა იმ რთული და მტკივნეული სოციალური ტრანსფორმაციის მიმართ, რომელიც ამჟამად გლობალურად მიმდინარეობს. ციფრული სამყარო ადამიანს ფიზიკურ გარემოს აშორებს, ჩვენ ტელეფონები დამატებით ხელებად გვექცნენ, თუმცა ამ ფიზიკურ რეალობასთან კავშირის გათიშვის ფონზე, ბუნებასთან გაერთიანების და მასთან დაბრუნების სურვილი ძლიერდება ადამიანში. გვინდება ჩვენი ცხოველური და მცენარეული სათავეების ხელახლა დაპყრობა. ციკლში „ბუნებაში“ (რომლის ცენტრალური ტილოა „გარდაქმნის ხელსაწყო“) რუსუდანი ამ უნიკალური პროცესის შესწავლას და ასახვას ცდილობს. ფლორა ერწყმის ფაუნას და ამ ძველი ბიოლოგიური ჩარჩოებიდან თავის დაღწევით, ადამიანი კვლავ ხდება მათი განუყოფელი ნაწილი უფრო ღრმად ბიოლოგიურ დონეზე. სათავეებთან დაბრუნებისას ადამიანი სხვა სახეობად გადაიქცევა. ყოველდღიურ რეალობაში, სადაც ინფორმაცია უწყვეტად მოგეწოდება, ჩვენ გვიზიდავს უცხო და უცნობი. და რა არის ბუნაბაზე უფრო დიდი საიდუმლო? ეს იმ პარალელური სამყაროს შექმნის პროცესია, რომელიც სიტყვების გარეშეც გასაგებია.
სიტყვების დაკარგვის პროცესში მეორე საყურადღებო და საშიში მხარე ინფორმაციული საზოგადოების თანამდევი გარემოებაა – ქსელით გარემოცულ საზოგადოებაში, მის ირგვლივ დაუღალავად მოტრიალე ინფორმაციის ნაკადში, ადამიანი აღწევს გაბუჟების ისეთ სტადიას, რომ ჩვენ გვირჩევნია საერთოდ გამოვრთოთ ვერბალური კომუნიკაცია. სიტყვები ზედმეტი ხდება, რადგან მათი მატარებელი მნიშვნელობები ვიზუალური სპექტრში გადადის და ახალი, ნატურალისტური სემანტიკის არსებობა ხდება შესაძლებელი. სიტყვები, რომლებიც თავისი მნიშვნელობებით საზღვრებს ქმნიდა, ზედმეტი ხდება, რადგან ახლა გამოსახულება ატარებს ამ მისიას. მაგრამ ეს პროცესი ახალი, კრეატიული იმპულსების მოცემასთან ერთად დანაკარგსაც გულისხმობს. რას ვკარგავთ? გამოხატული გრძნობები სიღრმისგან იცლება და ბანალურობისა და კლიშეების ხარჯზე ინტელექტუალური ფასეულობები გადაგვარდება, რადგან მხოლოდ გამოსახულება ვერ გამოხატავს ჩვენს საერთო ადამიანურ მდგომარეობას.
რეი ბრედბერის მეგობრული და იდუმალებით აღსავსე პლანეტების და კედლების მსგავსად, რუსუდანის მისტიკური სამყაროები იხედებიან ჩვენში და გვეხმარებიან დავინახოთ ის, რასაც თვითონაც დავინახავდით საკუთარი ყოფიერების სიღრმეში.
მისი ნამუშევრები გვეთამაშებიან, კითხულობენ ჩვენს აზრებს და მათ მიხედვით იცვლებიან. ეს არის ახალი რეალობის დასაწყისი და რუსუდანი გიწვევთ ამ რეალობაში მონაწილეობის მისაღებად“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები