დაარღვია თუ არა “მაგთიმ” აბონენტთა უფლებები – რას აცხადებს იურისტი

“მაგთიმ” მომხმარებლებს წინა პერიოდში ნაყიდი მეგაბაიტების მარაგი გაუუქმა. კომპანიის მხრიდან ერთი დღით ადრე გამოცხადებული გადაწყვეტილებაც და ზოგადად გაუქმებაც ნამდვილად უღირსი საქციელია. ამიტომაც, ამან ბევრი მომხმარებელი გააბრაზა“, – ამის შესახებ  ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

გოგა ჩანადირის მსგავსად, კომპანია „მაგთიკომს“ არაერთი უკმაყოფილო მომხმარებელი აღმოაჩნდა. ამასთან, დაზარალებული აბონენტები არ გამორიცხავენ, რომ “მაგთის” გადაწყვეტილების გასაუქმებლად და კუთვნილი ინტერნეტმარაგის დასაბრუნებლად, მარეგულირებელ კომისიას მიმართონ.

საქმე ეხება ახალი სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ახალ პაკეტს,  რომელიც 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, კორპორატიული პირობებით მოსარგებლე აბონენტებს, წინა პერიოდში ნაყიდი მეგაბაიტები “მაგთიმ”  გაუუქმა და ინფორმაცია სმს-ის სახით გაუგზავნა.

ამასთან,  „მაგთის“ აბონენენტებმა,  სავარაუდოდ, მატერიალური  ზარალიც განიცადეს.

ტელეკომუნიკაციების მკვლევარი ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „მაგთიკომს“ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია, სმს შეტყობინების სახით, მინიმუმ 10 დღეში უნდა ეცნობინებინა და არა, ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე.

„პირველი,  ეს ეხება მხოლოდ კონსოლიდირებული სახელმწიფო ტენდერის პირობებით შესყიდული მომსახურებით მოსარგებლე აბონენტებს, ანუ იმ კორპორატიულ აბონენტებს, რომლებიც ე.წ სამთავრობო ქსელის მომსახურებით სარგებლობენ…
და მეორე – ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის, მესამე პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი, მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე, ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
შესაბამისად, ამ ცვლილების თაობაზე, მაგთიკომს მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა გაეფრთხილებინა თავისი აბონენტები. ასევე, თუ წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ნაყიდი ინტერნეტ მოცულობა უქმდებოდა, მაგრამ მინიმუმ წინასწარ გაფრთხილების ათდღიანი ვადა უნდა დაეცვა… ამასთან, ჩვეულებრივი და სხვა კერძო კორპორატიული პირობებით მოსარგებლე აბონენტების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, რომ ინტერნეტ პაკეტით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, დარჩენილი მეგაბაიტები, ახალი პაკეტის შესყიდვის შემდეგ, გადადის მომდევნო თვეში სარგებლობისთვის, შესაბამისად, არ იკარგება…“ – აცხადებს ხატია ყურაშვილი.

ამავე საკითხს პარლამენტის წევრებიც ეხმაურებიან:
„რა ხდება სახელმწიფო ტენდერში კორპორატიულ მომსახურებაში (რაზედაც იხარჯება ბიუჯეტის თანხები) ტენდერში გაიმარჯვა სამივე კომპანიამ … ანუ მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი გარიგებაში შევიდნენ … და ეს დასჯადი არაა?“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„დღითიდღე უნდა იაფდებოდეს ინტერნეტი და მობილური კავშირი და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, მაგთი? მე აღარ მჭირდებით!“ – ამბობს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.

დაირღვა თუ არა კომპანიის მომხმარებელთა უფლებები, ამ კითხვით „კვირამ“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიმართა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“  იურისტის  რუსლან ალექსიძის განცხადებით,  კომპანია  „მაგთიკომმა“  საჯარო სამსახურებში დასაქმებული მოქალაქეების უფლებები  უხეშად დაარღვია.

 ამასთან,  ალექსიძე განმარტავს, რომ მომხდარის შედეგად, მათმა უმრავლესობამ მატერიალური ზიანი განიცადა.

მისივე თქმით, კომპანია „მაგთიკომმა“  მოქალაქეებთან ვადაზე ადრე შეწყვიტა არსებული ხელშეკრულება,  რითაც დაარღვია კონკრეტული ვალდებულები.

„კომპანია „მაგთიკომმა“ მოქალაქეებს ვადაზე ადრე ხელშეკრულება შეუწყვიტა. მოქალაქეებს ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ინფორმაცია შეტყიბინების სახით, მხოლოდ რამდენიმე  საათით  ადრე მიაწოდეს,  რითაც მოქალაქეების უფლებები უხეშად დაირღვა. ვინაიდან არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა,  რადგან მოქალაქე თავისუფალი ნების საფუძველზე იძენს კონკრეტულ პაკეტს, შესაბამისად, კომპანიას კონკრეტული ვალდებულებები და მოთხოვნები აქვს. ეს  მოთხოვნები გულისხმობს იმას რომ, პაკეტში არსებული ვალდებულებები არ იქნა გათვალისწინებული. როდესაც კომპანია ამ პირობებს არ ასრულებს, ეს წარმოადგენს მომხმარებლის უფლებების დარღვევს, რა თქმა უნდა, მომხმარებლის უფლებას უხეშად არღვევს. მოცემულ შემთხვევაში უხეშად დარღვევა გამოიხატება იმაში რომ, როდესაც კომპანია წყვეტს მოქალაქესთან ხელშეკრულებას, ეს არ შეიძლება რამდენიმე საათით ადრე გახდეს ცნობილი. კომპანია ვალდებული იყო, გონივრული ვადით ეცნობებინა ამ ფაქტის  შესახებ, ან მოეხდინა თუნდაც  პრევენცია, რომ არ გამოწვეულიყო რაიმე ზიანის დადგომა ამ ცვლილებით. მოცემულ შემთხვევაში კომპანიამ დროული რეაგირება კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინა, რითაც უხეშად დაარღვია მომხმარებელთა უფლებები“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას იურისტი  რუსლან ალექსიძე.  

ამასთან, უფლებადამცველი იმ მატერიალურ ზარალზეც საუბრობს, რითაც „მაგთიკომმა“ კონკრეტული პირები აღნიშნული გადაწყვეტილებით აზარალა.

„არ გამოვრიცხავ და სავარაუდოდ, შესაძლებელია ზიანი დამდგარიყო, ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ ამ კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობას, ან თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ შესყიდული მომსახურების პაკეტი ერთთვიანი ვადით, შესაბამისად, 30 დღის განმავლობაში გარკვეული თანხა იყო გადახდილი. აქ ყოველი დღე გათვლილია გარკვეულ ხარჯებთან, სანამ ეს ვადა არ ამოიწურებოდა, მათთვის დაგროვებული მეგაბაიტები არ უნდა გაეუქმებინათ. სწორედ აქ მიღებული დანაკლისი, მოქალაქისთვის წარმოადგენს კონკრეტულ ზიანს. შესაძლებელია, ეს ზიანი იყოს 1 თეთრიც, 1 ლარიც, 5 ლარიც და 20 ლარიც. მოცემულ შემთხვევაში, ამას თუ გადავიანგარიშებთ აბონენენტთა რაოდენობაზე, საკმაოდ დიდ ციფრებზე გავდივართ, თუმცა, რადგან ამ ეტაპზე მოქალაქეებთან მიმართებაში მატერიალური ზიანი არის დაუთვლელი, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა კომპანიამ მოქალაქეებს“ , – აცხადებს იურისტი რუსლან ალექსიძე.   

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ კომპანია „მაგთიკომს“ დაუკავშირდა. ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. თუმცა, „კვირა“  კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მაგთიკომი“ ხელმძღვანელობს შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებითა და ხელშეკრულებით, რომელიც შემუშავებულია თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ და ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.

„მაგთიკომი“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე „მაგთიკომი“ პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, “მაგთიკომი” ხელშეკრულებიდან სხვა ინფორმაციასაც აქვეყნებს.

“4.3. ხელშეკრულების ვადის გასვლის და/ან ცალკეულ სააბონენტო ნომერზე შემსყიდველის ინიცირებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, გაუქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის გაუხარჯავი პაკეტები (ერთეულები)”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „კვირა“ რამდენიმე საჯარო სამსახურის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საუბარი არ ისურვეს.

გარდა ამისა, „კვირამ “ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც მიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების საკითხზე კომენტარი ვითხოვეთ, თუმცა, კომენტარისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სატენდერო ხელშეკრულებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, ოჯახის წევრებისთვის კორპორატიული ნომრის მიცემას ვეღარ შეძლებენ. ტენდერის ახალი პირობების მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათთვის, ძვირდება მობილური ინტერნეტი. ისინი კორპორატიული ქსელის წყალობით, 5 ლარად 15 გბ-ს ყიდულობდნენ, თუმცა, ეს პირობა შეიცვალა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სამმა კომპანიამ: ჯეოსელმა, მაგთიმ და ბილაინმა გაიმარჯვეს, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები