კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელობასთან სამგორის რაიონის მოსახლეობის შეხვედრა გაიმართა

№13 საარჩევნო ოლქის სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის შოთა ხაბარელის ბიუროს ინიციატიავით, სამგორის რაიონის გამგეობის სააქტო დარბაზში, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ ხელმძღვანელობასთან, სამგორის რაიონის მოსახლეობის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე, მათ ღონისძიებაზე მისულ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.
„ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კარგი შეხვედრა და მას აუცილებლად ექნება გაგრძელება, ვფიქრობ, რომ მომავლისათვის, „სპექტრს“ სამგორის რაიონიდან ძალიან ბევრი ბენეფიციარი ეყოლება,“ – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
ღონისძიებას უძღვებოდა კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე, მან მოსახლეობას საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“არსებული ყველა მიმართულება გააცნო.
მანვე, სამომავლო პროექტებისა და გეგმების შესახებ, კოლეჯში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, პედაგოგთა კვალიფიკაციაზე, დასაქმების შესაძლებლობასა და მაჩვენებელზე ისაუბრა.
„ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, ასეთი ფართო შემადგენლობით, ვისაუბრეთ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისად, დასაქმების შესახებ. პროფესიული განათლება გახლავთ ის სექტორი, რომელსაც შეუძლია ძალიან მოკლე დროში ადამიანების გადამზადება და დასაქმება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჩვენ მივცემთ ყველაზე მთავარს, ეს არის პროფესიონალიზმი, უნარებისა და ცოდნის განვითარების საშუალება და კერძო სექტორში ჩართულობა“ – განაცხადა მათე ტაკიძემ.
აღსანიშნავია, რომ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერტებთან ერთად, შემუშავდა IV-V საფეხურის პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: ელექტრიკოსი; შემდუღებელი; კონდიცირება; მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალარინება.
ხოლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.
კოლეჯში მიმდინარეობს სხვადასხვა სასწავლო მოკლევადიანი და გრძევადიანი პროგრამები, რომელზეც სწავლა ხორციელდება სრულიად უფასოდ და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი ხარისხის პროფესიული განათლება, დასაქმდნენ და გახდნენ წარმატებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები