2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი 10 000 ლარით დაჯილდოვდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.
როგორც „კვირას“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
რომანი პირველად გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს;
შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა.
წიგნი უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან ავტორმა. ჯილდო გადაეცემა ავტორს.
განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცემა;
გამარჯვებული გამოცხადდება 2018 წლის მაისში.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს რვაწლიანი ისტორია აქვს.
2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისთვის საქართველოში და დააარსა 10000-ლარიანი პრემია საუკეთესო რომანისთვის. 2010-2014 წლებში პრემია 4 ნომინანტზე გაიცა.
2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარმანისთვის.

ქრონოლოგია

2010 წელს პრემია მიენიჭა აკა მორჩილაძეს (რომანისთვის „მამლუქი“);
2011 წელს პრემია მიენიჭა ზაზა ბურჭულაძეს (რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“);
2012 წელს პრემია არ გაცემულა;
2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისთვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“);
2014 წელს პრემია მიენიჭა ზაზა ჭილაძეს (უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისთვის);
2015 წელს პრემია მიენიჭა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისთვის „მსხლების მინდორი“);
2016 წელს პრემია მიენიჭა არჩილ ქიქოძეს (რომანისთვის „სამხრეთული სპილო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები