სოფელ ბირკიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღიკვეთა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა. ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამუშაოები „საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე აღიკვეთა.
„არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული ცნობა, რომელიც ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებებზე მიანიშნებდა, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე გარკვევის შემდეგ დადასტურდა. მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია. კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულია ფაქტზე მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე.
პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის მიერ უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათი და ფოტო-ვიზუალური მასალა, რომლის საფუძველზეც VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს. დარბაზული ეკლესიაა თანადროული სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენით. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის ქვები. სამხრეთის მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთის მხარე – პასტოფორიუმი უაბსიდოა და ტაძარს კარით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილს კი აღმოსავლეთის აბსიდი აქვს. ის დასავლეთ მინაშენთანაა დაკავშირებული და ამგვარად გარშემოსავლელს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები