„შარდენი“ ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

8  თებერვალს, 19:00 საათზე,  ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორები არიან: გალერეა „შარდენი“ და კომპანია „არგო“.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით,  ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა) მსოფლიო დონის ემიგრანტი მხატვარი იყო, რომელიც ყველა ნახატს საქართველოს სიყვარულით ქმნიდა, მაგრამ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ეს გამოფენაც ქართველი საზოგადოებისთვის მისი შემოქმედების უკეთ გაცნობას ემსახურება.
1920 – დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი.
1922-1926 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
პედაგოგები: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, ოსკარ შმერლინგი, ბორის ფოგელი, იოსებ შარლემანი.
1926 – დააარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა თბილისში. 1928- გაემგზავრა უცხოეთში, რამდენიმე თვე მუშაობდა სტამბოლში, შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში.
პარიზში რამდენიმე წელი სიეჟელის ატელიეში მუშაობდა, სადაც ქმნიდა დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს. 1933 წელს მისი ნახატები პირველად გამოიფინა პარიზის „სპერანცას” გალერეაში.
1945 წლიდან ფელიქს ვარლა „ფრანგი მხატვარი” „შემოდგომის სალონის” საზოგადოების წევრი ხდება.
1948 წელს არგენტინაში გაემგზავრა. 1950 წელს ბუენოს–აირესში მოეწყო მისი გამოფენა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ბუენოს–აირესში ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „მამულში” გამოქვეყნდა წერილი: „ბ-ნ ფელიქს ვარლამიშვილის სამხატვრო გამოფენა”. მიუხედავად წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა, ფელიქს ვარლა 1952 წელს პარიზში დაბრუნდა და მონპარნასზე ცხოვრობდა.
გენიალურ ქართველ მხატვარი ფელიქს ვარლამიშვილი თავის შემოქმედებაზე ამბობდა: „ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი.“
1986 წლის 6 თებერვალს ფელიქს ვარლამიშვილი პარიზში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. მხატვრის მეუღლემ, ზირე ბინდერმა აღასრულა ფელიქს ვარლამიშვილის ანდერძი და მისი ათი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა. 1987 წელს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენა. თბილისში არის ფელიქს ვარლამიშვილის სახელობის ქუჩა.
გამოფენა  გალერეა „შარდენში“ კი  16 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები