ვაცლავ ჰაველის სტიპენდიანტები “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტს მიმართავენ

ვაცლავ ჰაველის სტიპენდიანტები “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

“უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ “რადიო თავისუფლების” მთავარი მენეჯმენტის დამოკიდებულებით საკუთარი თანამშრომლების მიმართ. ვგულისხმობთ ქართული სამსახურის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ვშიშობთ, რომ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სცდება ამ ერთ შემთხვევას და კიდევ უფრო შემაშფოთებელ გარემოებებზე მიგვითითებს.

ამ წერილით არ ვცდილობთ დავიცვათ ერთი კონკრეტული ადამიანი, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ჩვენგანს არ უმუშავია დავით კაკაბაძესთან ერთად. თუმცა, ვისაც ამის გამოცდილება აქვს, ყველამ კარგად იცის მისი შეუფასებელი გამოცდილებისა და თავდაუზოგავი შრომის შესახებ ღირებულებებზე დაფუძნებელი ჟურნალისტიკის შესანარჩუნებლად, ასევე მისი საოცარი გულისხმიერების შესახებ, რომელსაც იჩენდა ახალაგზრდა ჟურნალისტებთან მუშაობის პროცესში.

ეს წერილი არც იმისთვის დაგვიწერია, რომ რადიოს ერთი კონკრეტული სამსახური დავიცვათ. თუმცა, ვიდრე ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიით უშუალოდ “რადიო თავისუფლების” რედაქციებში მოვხვდებოდით, ჩვენთვის უკვე ნათელი იყო, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უკომპრომისო მედიაა მკვეთრად პოლარიზებულ და მიკერძოებულ გარემოში.

ამ წერილის დაწერისკენ გვიბიძგა დაღალატების განცდამ.

“რადიო თავისუფლებაში” გატარებული რამდენიმე თვე ჩვენთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა გვესწავალა, როგორც კოლეგებისგან, ისე ერთმანეთისგან. ბევრი ჩვენგანი დღესაც ებრძვის ცენზურას საკუთარ ქვეყანაში. “რადიო თავისუფლება”, კი ერთგვარ თავშესაფრად იქცა, ადგილად, სადაც ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა. ამ ფონზე კიდევ უფრო მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ იმეორებს რადიოს მართვის სტილი ბევრი ბევრი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას.

გვჯერა, რომ სწორედ ახლაა დრო ხმამაღლა ვისაუბროთ იმ რეალობაზე, რომელშიც ე.წ. ყალბი ახალი ამბები, რეკლამები თუ “ჰედლაინები” სულ უფრო ფრაგმენტულად აირეკლავს გლობალურ გამოწვევებს. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში იზრდება სანდო და გამოცდილი ჟურნალისტების საჭიროება, თქვენ კი ამ უკანასკნელთ უბიძგებთ გადაეწყონ „ლაიკებისა“ და „გაზიარების“ რეჟიმზე, ან უფრო უარესი, თავიდან იშორებთ მათ ადგილობრივ კონტექსტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

კარგად გვახსოვს ე.წ. „იმედის სერთიფიკატები“, რომლებიც  თქვენგან მივიღეთ სასტიპენდიო პროგრამის წარმატებით დასრულების ნიშნად და ძალიან გვინდა ეს წერილიც იმედიანად დავასრულოთ, თუმცა ეს ციტატა უფრო ზუსტად გამოხატავს ჩვენს სათქმელს:

„იმედი არ ნიშნავს გწამდეს, რომ რაღაც კარგისკენ შეიცვლება, არამედ ეს ნიშნავს ზუსტად იცოდე, რომ მოქმედებას აუცილებლად აქვს აზრი, იმის მიუხედავად თუ რა შედეგი მოჰყვება მას“,- ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

მიმართვას ხელს აწერენ: ანა ლომთაძე, სალომე აფხაზიშვილი, ევგენი კუზმინი, ქნარ ხუდოიანი, არზუ გეიბულაევა, ჰანა ლიუბაკოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები