კომპანია, რომლის გარემონტებული ჭერი მეტროში ჩამოინგრა, მანამდე 160-ე სკოლის რეაბილიტაციისას დაჯარიმდა

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია შპს „ყვარელრემმშენმა“ განახორციელა, „კვირა“ კომპანიის მიერ ჩატარებული სხვა სატენდერო მომსახურებებითაც დაინტერესდა.

გაირკვა, რომ შპს „ყვარელრემმშენს“ 2011 წლიდან დღემდე 48 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 25 შემთხვევაში დამარცხდა, ხოლო 18 ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებიდან 5 შემთხვევაში ის დისკვალიფიცირებული იყო ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ხოლო კიდევ 4 შემთხვევაში „ყვარელრემმშენმა“ დისკვალიფიკაცია გამარჯვებულის გამოვლენამდე მიიღო.

„კვირამ“ გაარკვია, რომ შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ მოგებული 18 ტენდერიდან, ერთ-ერთში შემსყიდველ პირად თბილისის 160-ე საჯარო სკოლა ფიგურირებს. როგორც სატენდერო ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ელექტრონული ტენდერი 2017 წლის 24 ივლისს გამოცხადდა. სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის ტენდერის სავარაუდო ღირებულება კი 79 ათასი ლარით განისაზღვრა.

„კვირა“ დაინტერესდა 160-ე სკოლის დირექციის პოზიციით, შეიტანა თუ არა სკოლამ ეჭვი შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებში, მას შემდეგ, რაც მეტრო „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერი ჩამოვარდა, ხომ არ ემუქრებათ სკოლის მოსაწავლეებს საფრთხე და აპირებს თუ არა სკოლა სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით შენობაში მონიტორინგი განახორიცელოს.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „კვირა“ თბილისის“ 160-ე საჯარო სკოლის დირექტორს გიორგი კაკაჩიას დაუკავშირდა. დირექტორმა ჩვენთან საუბარში შპს „ყვარელრემმშენთან“ სატენდერო ხელშეკრულების არსებობა დაადასტურა და განმარტა, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და სამუშაოები 2017 წლის ოქტომბერში დაასრულა.

კითხვაზე, იცის თუ არა, რომ მის სკოლასა და მეტრო „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი და იგივე კომპანიამ განახორციელა, ამბობს კი, საქმის კურსშია. გიორგი კაკაჩია აცხადებს, რომ „ყვარელრემმშენს“ ისეთი სამუშაოები არ ჩაუტარებია, რომელიც მომავალში ბავშვების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებდა. დირექტორი „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზომებს მიმართავდა და კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს განახორციელებდა.

„ყვარელრემმშენის“ მიერ რაც სამუშაოები ჩატარდა, ამაში სარისკო არაფერი არ არის. მათ შეღებვითი სამუშაოები განახორიცელეს, ასევე მოხდა ეზოში ასფალტის დაგება. ვფიქრობ, შეღებვის სამუშაოებთან საშიში არაფერი არ არის, თუ ყოველ შემთხვევაში კედლები გაფუჭდა, ბავშვისთვის ეს საფრთხე არ იქნება. ვიმეორებ, ძირითადად გარე სამუშაოები იყო, ხოლო შიგნით გარემონტდა ოთახები – „დაიშპაკლა“, შეიღება ჭერი, კედლები, ასევე ჩამოიკიდა კარი. ასე რომ, საშიშროება ამ მხრივ რომ რამე იყოს ბავშვების, არ არის არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მივიღებდით ზომებს“,– აღნიშნა კვირასთან საუბარში 160-ე საჯარო სკოლის დირექტორმა.

მისივე თქმით, შპს „ყვარელრემმშენმა“ სატენდერო ხელშეკრულებით დათქმული ვადა დაარღვია და სამუშაოები 40 დღით გვიან დაასრულა.

„კომპანიამ ცოტა დააგვიანა და ვადას 40 დღე გადააცილა, რის გამოც დაჯარიმდნენ იმ 40 დღის გადაცილების შესაბამისი თანხით“,- განაცხადა გიორგი კაკაჩიამ და დასძინა, რომ ტენდერის საწყისი ღირებულება მართალია 79 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, მაგრამ შპს „ყვარელრემმშენმა“ ტენდერი 66 ათასი ლარით განსაზღვრული საბოლოო შეთავაზებით  მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელრემმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

შსს-ს მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები