იან კელი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი Heritage Foundation-ის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს წევრობა ნატო-ს და ევროკავშირის ინტერესებშია. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ნატო-ში მისი გაწევრიანება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე.
“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. თვითონ ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა იან კელიმ.
“საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის”, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ანგარიში პრესტიჟულმა ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა. ანგარიშის ავტორი ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ამერიკელი ექსპერტი ლუკ კოფია. პუბლიკაციაში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოს მიერ ნატო-სთან დაახლოებისთვის გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ საქართველო ვერ აიძულა, თავი შეეკავებინა დასავლეთთან კავშირების გამყარებისგან.
ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, ტერორიზმის კუთხით, აშშ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები