სუს-ის მრავალშვილიანი თანამშრომლები ყოველთვიურ ფულად კომპენსაციას მიიღებენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მრავალშვილიანი თანამშრომლები, მათ შორის, დამხმარე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულები, ყოველთვიურ ფულად კომპენსაციას მიიღებენ.
შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
მთავრობის დადგენილების საფუძველზე ცვლილებები, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილებაში შევიდა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
აღნიშნული ცვლილებით, მრავალშვილიან, ოთხი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში მოსამსახურეს (გარდა გაწვევითი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისა და არამუდმივ ამოცანათა შესრულებისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეებისა), ყოველთვიური კომპენსაცია მიეცემათ.
რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ოთხი შვილის მშობელზე კომპენსაციის სახით 250 ლარი გაიცემა, ხუთი შვილის მშობელზე – 375 ლარი, ექვსი შვილის მშობელზე – 500 ლარი, შვიდი და მეტი შვილის მშობელზე – 625 ლარი.
დადგენილებას, რომელიც მთავრობამ 26 იანვარს გამოსცა, ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები