ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთოს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რითიც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტს – ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს გამოეხმურა.
”ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება იყო არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ, მართლმსაჯულების იმიტაცია. იმისთვის, რომ სისტემურ დანაშაულთა წინააღმდეგ აღსრულდეს რეალური მართლმსაჯულება და შეიქმნას ნამდვილად ეფექტური მექანიზმები და არა კიდევ ერთხელ მოხდეს საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ჩვენ ვითხოვთ შემდეგს – სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები. იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. აუცილებელია ყველა იმ რგოლში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ვინც ამ სისტემურ ბრძოლაში იყო ჩართული. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, ისინი უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სისტემისგან, ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში და რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან, ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უნდა ვიხილოთ ამ ნაწილში აღსრულებული მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, ვინც ამ დანაშუალებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სასამართლო სისტემაში არიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, სისტემა ვერ გაჯანსაღდება, თუკი თანამდებობის პირებმა არ იგრძნეს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მათ მიერ სისტემური დანაშაულის აღსრულების საქმეში ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები