ანა დოლიძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამკვიდრებულია ქალი წევრების ჩაგვრის კულტურა

იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საბჭოში ქალი წევრების ჩაგვრის კულტურაა დამკვიდრებული. ამის შესახებ დოლიძემ დღევანდელ სხდომაზე მასსა და საბჭოს წევრ, ირაკლი შენგელიას შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.
ანა დოლიძე მიჩნევს, რომ საბჭოს წევრებს განსხვავებული აზრის მოსმენა უჭირთ.
„ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ საბჭოს ზოგიერთ მოსამართლე წევრს განახვავებულ აზრზე ალერგია აქვს. მათ არაერთგზის უხეშად გააწყვეტინეს სიტყვა ნაზი ჯანეზაშვილს. სამწუხაროა, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საბჭოში დამკვიდრებულია ქალი წევრების ჩაგვრის კულტურა, მაგრამ იმედი მაქვს, საბჭოს წევრებს არ მოუნდებათ, ასოცირება გაუკეთონ საკუთარ თავს ამ ჩაგვრის კულტურასთან. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ აქ შეიქმნება ისეთი მოედანი ისეთი წესებით, სადაც ყველა წევრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის მათი აზრი, ექნება დაწესებულ დროსა და ადგილას აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება.
დღეს რაც დავინახეთ, იძლეოდა საშუალებას, რომ დავფიქრებულიყავით, სასამართლო სისტემის ფარგლებში რამდენად მნიშვნელოვანია გენდერულ თანასწორობაზე საუბარი. საბჭოს რამდენიმე მამაკაცი წევრი ერთდროულად თავს დაესხა გამომსვლელ ქალს, დავითვალე, 23-ჯერ შეაჩერეს საკუთარი მოხსენების დროს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის სიმპტომი იმ მთლიან სურათთან ერთად, რომ მაგალითად, არ გვყავს თანაბრად წარმოდგენილი ქალი თავმჯდომარეები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რა დროსაც მას სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.
ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა სასამართლო სისტემაში თანამდებობაზე დანიშვნისას გენდერული ასპექტის გათვალისწინებას გულისხმობდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები