გიორგი წერეთელი ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი ავსტრიის ეროვნული საბჭოს ახლად არჩეულ  პრეზიდენტს, ვოლფგანგ სობოტკას შეხვდა. ავსტრიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ავსტრიის მიერ შეტანილ წვლილსა და იმ კონტრიბუციაზე ისაუბრეს, რომელსაც ავსტრიის სახელმწიფო, ორგანიზაციის მიმართ ახორციელებს.

გიორგი წერეთელმა ავსტრიის მთავრობას და პარლამენტს მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნო ვენაშია განთავსებული და ყოველი წლის თებერვალში, ავსტრიის დედაქალაქი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას მასპინძლობს, სადაც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს ეუთოს სივრცეში არსებული პრობლემების განხილვის და დებატების საშუალება ეძლევათ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები, უკრაინის კრიზისი, მიგრაცია და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხებიც მიმოიხილეს და აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საპარლამენტო როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვენაში ვიზიტისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთოს მედია თავისუფლების წარმომადგენელს, ჰარლემ დესირს შეხვდა. გიორგი წერეთელმა მედია თავისუფლების ოფისს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კუთხით  კანონმდებლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები