გიორგი აბაშიშვილი: პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, მოსახლეობას მოვუწოდებ, შენობებზე, სიმბოლურად, სახელმწიფო დროშა აღმართონ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ დღეს, დროშის დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად, სახელმწიფო დაწესებულებებზე აღმართონ და სახლებიდან გადმოფინონ სახელმწიფო დროშები.
,,დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა სამი წლის წინ. ეს სამი წელია, ჩვენი ეროვნული დროშის დღე, პრეზიდენტის ინიციატივით, განსაკუთრებულად აღინიშნება.
დროშა თითოეული ჩვენგანის სიამაყეა, განსაკუთრებულობის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტსმენებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან, საგანაგებო სიტუაციის თანამშრომლებთან ერთად დაესწრება სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას და მე მინდა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდო, შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ამ ინიციატივას და დღეს, სიმბოლურად, გადმოკიდონ ან აღმართონ დროშები საკუთარ სახლებზე.
ასევე, მე მინდა ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენეტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე სახელმწიფო სტრუქტურებში, სიმბოლურად, აღმართონ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშა”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა და საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების – გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები