კახა კალაძემ მერიის თანამშრომლებს, კერძო კომპანიებს და მოსახლეობას საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, მოსახლეობასა და კერძო კომპანიებს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გამგებლებსა და სხვადასხვა საქალაქო სამსახურის უფროსებს შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მისი თქმით, 2018 წელი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაშიც მერიის თითოეული თანამშრომლის როლი განსაკუთრებულია.
„სადღესასწაულო ღონისძიებები ახლახანს დასრულდა და მინდა, მერიის თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციას, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურებს, უსაფრთხოებას, კეთილმოწყობას, „თბილსერვისსა“ და ათივე გამგეობას მადლობა გადავუხადო, რადგან საახალწლო ღონისძიებები თბილისის ათივე რაიონში ჩატარდა. ასევე, მადლობას ვუხდი კერძო სექტორს. განსაკუთრებით, იმ 17 კომპანიას, რომელმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებზე იზრუნა და სხვადასხვა სკვერები და პარკები მორთო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა თბილისის მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა, რომელიც საახალწლო გამოწვევას შეუერთდა და სხვადასხვა უბანში სადღესასწაულო დეკორაციებით არაერთი აივანი მოირთო.
„ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით წლევანდელი ახალი წელი და მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა იმ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც დედაქალაქში გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები