სახალხო დამცველმა ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის ვებგვერდზე გავრცელდა.

“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით სახალხო დამცველი აცნობებს საზოგადოებას, რომ ბრალდებულ ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში მოინახულეს ბრალდებული.

სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულ ოთარ აბესაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონიტორინგს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა იყოს პროპორციული. პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ეფექტიანი გამოძიების ინტერესებს და ამასთან, ითვალისწინებდეს ბრალდებულთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობას”-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

8 იანვარს აბესაძის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა. მომდევნო სასამართლო პროცესი 15 იანვარს, 13:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა, ხოლო ბრალი 13 ივლისს წაუყენა. 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი – 3 000 აშშ დოლარი – მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები