“მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება, ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც, მისივე თქმით, თავისუფლად ეყრდნობა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ძალიან მკაცრ მინიშნებას.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ პირდაპირ მიანიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ერთგვარი ზეგავლენა ამ პროცესზე და ეს იყო მიკერძოებული გადაწყვეტილებები მისი მხრიდან.

“არავის გაკვირვებია ჩვენს ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ჩანს ჩვენმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი გააკეთა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება შეწყალების თაობაზე. არ არის საუბარი, რომ პრეზიდენტის უფლება იზღუდება ან ამ მიმართულებით რაღაც რევიზია ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მართლაც აქვს შეწყალების უფლება, ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. ამაზე საუბრობდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ამაზე ვსაუბრობთ მთელი საზოგადოება. ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სამართლიანი. რაც შეეხება ბატონი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ვფიქრობ, უფრო მეტი პრეტენზია უნდა ჰქონოდა მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მიკვირს რატომ აპელირებს მარგველაშვილი გადაწყვეტილებაზე ამ ფორმით”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილება გამოიყენა მიკერძოებულად, არა როგორც კონსტიტუციური უფლება, არამედ როგორც მიზანმიმართული და დაგეგმილი.

“ეს იყო კორუფცია და გარიგება. ჩვენმა სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო , რაც თავისუფლად ეყრდნობოდა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ძალიან მკაცრ მინიშნებას. კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა მარგველაშვილის პრეტენზია დაკავშირებულია ზოგადად ამ კონსტიტუციურ უფლებასთან , რასთანაც ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები