მარნეულში საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა
ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე–4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა. ალილოს მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოჰყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილესთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და ეკლესიის მრევლმა. ქრისტესშობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მიჰყვებოდა, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმაც შეიტანეს წვლილი და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები და დღესასწაული მიულოცა. მრევლს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმაც.
„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს! დღეს მეც, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, გახარებული ვარ და ვიზიარებ მათ სიხარულს, რომელიც ქრისტეს დაბადებით არის გამოწვეული! ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო, რაც სამაგალითოა და დასტურია იმისა, რომ საქართველო უძველესი ტოლერანტული ქვეყანაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს!“, – აღნიშნა მან.
საქართველოში ალილო V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.