„ჯანდაცვა უნდა იყოს სფერო, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები თავს დაუცველად აღარასოდეს იგრძნობენ“

   ჯანდაცვა უნდა იყოს ის სფერო, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები თავს დაუცველად აღარასოდეს იგრძნობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დემოგრაფიის ხელშეწყობის მიზნით მის მიერ ინიცირებულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, იმერეთი იმ 6 რეგიონში შედის, სადაც შობადობას სიკვდილიანობა აღემატება. დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, პრემიერის ინიციატივით, ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ბარში გაიცემა 150 ლარი, მთაში – 200 ლარი. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის ფარგლებში, ყველა ორსული უფასოდ მიიღებს ფოლიუმის მჟავას. გარდა ამისა, როგორც პრემიერმა განმარტა, დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მთავრობამ გასულ წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მშობიარობის დაფინანსება დაიწყო, რომლის თანახმად, ფიზიოლოგიური მშობიარობა – 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით ფინანსდება. ასევე, 2014 წლის 1 იანვრიდან დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა – 4-დან 6 თვემდე, ხოლო დაფინანსება 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა.
„ჯანდაცვა უნდა იყოს ის სფერო, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები თავს დაუცველად აღარასოდეს იგრძნობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პაციენტებს ჰქონდეთ მაღალი კლასის მომსახურება; თქვენ, ექიმებს, ყველა პირობას შეგიქმნით, რათა მუდმივად გქონდეთ საუკეთესო პირობები პროფესიული განვითარებისთვის. მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ, უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლოა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მაქიმალურად შეგიწყობთ ხელს, რათა თქვენი პროფესიით ღირსეულად იცხოვროთ“, – მიმართა პრემიერმა ექიმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები