აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” რუსთავის ოფისთან გადაინაცვლეს
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა რუსთავის შესასვლელიდან მეგობრობის გამზირის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში “ქართული ოცნების” რუსთავის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ფეხით მსვლელობისას მათ პარტია “საქართველოს გზის” რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე და ლეიბორისტული პარტიის წევრები მიუძღოდნენ.
“ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის წინ გამართულ აქციაზე პოლიტიკური მოწოდებები ისმოდა. კერძოდ, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “არ შემოხაზოთ ხუთი”, “არ შემოხაზოთ 41”. აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ გვირგვინი მიიტანეს, რომელზეც არის წარწერა: “ნაციონალურ ოცნებას”.
“ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის წინ სამართალდამცველები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პროტესტი გუშინდელ შემთხვევას უკავშირდება. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთმა მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.