გრემი: მე შევქმნი სანქციებს, რომლებიც რუსეთს მესამე შეჭრის შემთხვევაში გაანადგურებს
აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ის დაეხმარება აგრესორი ქვეყნის, რუსეთის განადგურებას, თუ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კვლავ შეიჭრება უკრაინაში.
მისი თქმით, ვაშინგტონს სურს დარწმუნდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომს არა მხოლოდ ახლა, არამედ სამუდამოდ დაასრულებს.
„რჩევა, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპს მივცემდი, არის: არ გააკეთოთ ის, რასაც ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა აკეთებდნენ. პუტინს მკაფიოდ განუმარტეთ, რომ აქ იმისთვის არ ხართ, რომ რუსეთი დაამციროთ, არამედ იმისთვის, რომ ომი დაასრულოთ. მოხდება ტერიტორიების გაცვლა. უკრაინა ყველა რუსი ჯარისკაცის განდევნას ვერ შეძლებს, რუსეთი კი კიევის აღებას არ აპირებს. დროა, ეს ომი ღირსეულად და სამართლიანად დასრულდეს“, – აღნიშნა სენატორმა.
მისი თქმით, თუ პუტინი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, მას ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ „მსურველთა კოალიციასთან“ მოუწევს.
“მე შემიძლია დახმარება: მე შევქმნი პრევენციულ სანქციებს, რომლებიც გაანადგურებს რუსეთს მესამე შეჭრის შემთხვევაში. ეს ყველაფერი ერთად ხელს შეუშლის მესამე შეჭრას, დაასრულებს ომს ღირსეულად და სამართლიანად. ვერ წარმომიდგენია პლანეტაზე უკეთესი ადამიანი პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ტრამპია. მას აქვს ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან და ეს კარგია“, – თქვა გრემმა.