ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი მოიგო
რუსეთმა უკრაინაში ომი მოიგო, – ამის შესახებ მემარჯვენე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ სამიტამდე განაცხადა.
„ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ომი გაურკვეველი შედეგით დასრულდება, მაგრამ ეს ასე არ არის. უკრაინელებმა წააგეს ომი. რუსეთმა მოიგო ეს ომი“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ორბანი მიიჩნევს, რომ ერთადერთი საკითხია, „როდის და რა ვითარებაში აღიარებს უკრაინელების მხარდამჭერი დასავლეთი, რომ ეს მოხდა და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი“.
მანვე დასძინა, რომ ევროპამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, მოლაპარაკებოდა პუტინთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ახლა რისკავს, რომ მისი მომავალი მის გარეშე გადაწყდება.