„დანაშაულის პრევენციისთვის, მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება და უბნის ინსპექტორების გააქტიურება უნდა მოხდეს“

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება და იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, დანაშაულის პრევენციის მიზნით უნდა გატარდეს.
შესაბამისი განცხადება ნიკოლოზ მჟავანაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მჟავანაძე თვლის, რომ უნდა მოხდეს მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება და უბნის ინსპექტორების გააქტიურება.
ამასთან, „უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს ძალადობრივი გარემო, რაც მოზარდებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
„ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, თუ არ მივიღებთ სათანადო ზომებს, შესაძლოა, მსგავსი საზარელი შემთხვევების მომსწრენი მომავალშიც გავხდეთ. ამიტომ, აუცილებელია, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ვთვლი, რომ მანდატურებს უნდა გაუფართოვდეთ უფლებამოსილებები, ასევე, არ შეიძლება პედაგოგები მუდმივი ტესტირებების რეჟიმში ვამყოფოთ, 50-55 წლის პედაგოგები რამდენიმე ქულის დაკლების გამო სკოლიდან გავუშვათ და მუდმივ სტრესში ვამყოფოთ, მათ უნდა ჰქონდეთ მეტი დრო მოსწავლეებზე ორინეტრიებისთვის და მათზე ზრუნვისთვის. თუმცა, ცხადია, თუ მოზარდს დანაშაულის ჩადენა სურს, ამას სკოლის მიღმაც იზამს, ამიტომ აუცილებელია გაძლიერდეს უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი – ეს ყველაფერი კომპლექსურად მოგვცემს შედეგს. ზომიერების ფარგლებში „რეიდებსა“ და მოსწავლეების ე.წ. გაჩხრეკვასაც მივესალმები, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამო, ფაქტობრივად, პოლიციაც დაშინებულია, იმიტომ, რომ როდესაც პოლიცია ადამიანს გაჩხრეკს, მთელ ამბავს ტეხენ, გენერალურ ინსპექციაში საჩივრები შედის. სავალალოა ისიც, რომ
ფაქტობრივად, ყველგან ძალადობრივი გარემოა შექმნილი – ტელეეკრანებიდან, ქუჩაში და ასე შემდეგ, რაც თავისთავად აისახება მოზარდების ფსიქიკაზე. განათლების სამინისტროს მინდა მივმართო – რა შავდებოდა და რა დაშავდება იმით, რომ კვირაში ერთი საათი დაეთმოს რელიგიის ისტორიას, როგორც ეს ადრე იყო. შედიოდნენ სასულიერო პირები და ბავშვებს პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრებოდნენ. მეტიც, უჩა ნანუაშვილმა ისიც კი თქვა, რომ მოსწავლეების ეკლესიებში ექსკურსიებზე წაყვანა არ შეიძლება, რადგან ამ მოსწავლეებში, შესაძლოა, სხვა აღმსარებლობის ბავშვებიც იყვნენო. ვერ ვხდები ეს რა ლოგიკაა -ამ ლოგიკით საქართველოსაც გადაარქვან სახელი, მხოლოდ ქართველები ხომ არ ვცხოვრობთ აქ ?! ” -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები