დავით ასათიანმა არჩილ კაიკაციშვილი ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელად დაასახელა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი – არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომავალი სტრუქტურული რგოლის – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელად დასახელდა.

როგორც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოალიციური გუნდის წარდგენის საჯარო პრეზენტაციაზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა განაცხადა, არჩილ კაიკაციშვილის გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის სამოქალაქო სექტორთან დიალოგის პროცესში და კომიტეტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომავალ საქმიანობაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარდგენას საპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მომავალ მმართველობით და თვითმმართველობით გუნდს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანოს ადვოკატის პროფესია და ადვოკატის ინსტიტუტის მიმართ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ასოციაციის საქმიანობა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის. კომიტეტს ექნება აქტიური და საქმიანი კონტაქტები ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან, მათ შორის პრიორიტეტული იქნება რეგიონულ პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და განხორციელდება საერთო ინიციატივებზე დაფუძნებული სხვადასხვა აქტიურობები.

ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევნები 2017 წლის 9 დეკემბერს გაიმართება. ორგანიზაციამ თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით ასათიანი „საადვოკატო ბიუროთა გაერთიანებასა“ და „ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირებთან ერთად“, 2017 წლის 24 სექტემბერს დაასახელა. დავით ასათიანის მხარდაჭერა მისმა რეპუტაციამ, პროფესიონალიზმმა და გამოცდილებამ განაპირობა.

რაც შეეხება არჩილ კაიკაციშვილის, მას სამოქალაქო სექტორში საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება გააჩნია. 2010 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით, არის არაერთი ცნობილი და პრეცედენტული სასამართლო დავის წარმომადგენელი, წარმოადგენს სხვადასხვა თემატური კოალიციის, არასამთავრობოთა ალიანსისა და სამართლის საკითხებზე შექმნილი კომისიების წევრს. არის სხვადასხვა პროექტის სამართლის ექსპერტი და კონსულტანტი. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები