მარიამ ჯაში: სკოლის ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოება გაძლიერდება

„სკოლის ტერიტორიის მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება“ – ამის შესახებ განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჯურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ მას საუბარი ჰქონდა განათლების მინისტრთან და ასევე, იგეგმება შეხვედრა შსს-ში.

„არაუგვიანეს ორშაბათისა, გვექნება შეხვედრა შსს-ს უწყების ხელმძღვანელთან, რათა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის ტერიტორიების მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს შეიძლება იყოს დამატებითი მონიტორინგი, დამატებითი ვიდეოკამერები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქუჩებში – ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრებები, რომლებიც მინდა, გავუზიარო შს და განათლების მინისტრებს. ასევე, არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი, რომ პოლიციური რეჟიმი არ შემოვიტანოთ განათლების სისტემაში. ეს იქნება პროცესი, სადაც მშობლებსა და პედაგოგებსაც ჩავრთავთ. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ სკოლის ტერიტორიაზე მანდატურის სამსახური ასრულებდა თავის მოვალეობას. ის, რაც გუშინ მოხდა, ცდებოდა სკოლის ტერიტორიას, ჩვენ ალბათ უნდა ვიფიქროთ უშუალოდ მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე, რომ შევძლოთ სკოლის მიღმა გარკვეულ მანძილზე მონიტორინგის განხორციელება. გუშინ არც ადმინისტრაციას და არც მანდატურებს ეჭვის საფუძველიც არ ჰქონდათ, რომ შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შსს-ს განცხადებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები