მამუკა მდინარაძე: საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კარგადაა დაცული

გამოძიება მიმდინარეობს, ქართული სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და კონკრეტულ კითხვებს პასუხები გაეცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე განუცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ირიცხება და ასეთივე ქვეყნად დარჩება.
“სამწუხაროდ, იმ საკითხზეც კი, რაშიც ერთიანები უნდა ვიყოთ, ოპოზიცია თავის პოლიტიკურ კარიერას აგებს და ამ ორ ამბავს ერთმანეთისგან სპეციალურად არ მიჯნავს, რათა საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. თუ გვინდა, რომ სიმართლეზე ვილაპარაკოთ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თავის დროზე ჩატაევის გათავისუფლებას თუ დაკავებას, რა სამართლებრივი არგუმენტები ჰქონდა. მეორე ის ამბავია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს, ქართული სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და კონკრეტულ კითხვებს პასუხები გაეცემა. არ შეიძლება, რომ კონკრეტულ რაიმე ვერსიაზე ვილაპარაკოთ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კარგადაა დაცული. საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ირიცხება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას რესურსი ეყოფა და სამართალდამცავები კარგად მუშაობენ, შესაბამისად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დარჩება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ დეტალებზე პასუხებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები გასცემენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი აჰმედ ჩატაევია. ამის შესახებ სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები