“მარიხუანასთან მიმართებაში სტატუს-კვო შეიცვალა, მაგრამ სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში”

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გუშინ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ სტატუს-კვო შეცვალა და ახალ რეალობაში უნდა ვიმოქმედოთ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში მიდგომა „ცოტა სხვანაირი უნდა იყოს“.
“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, სტატუს-კვო შეცვალა. ეს უკვე ახალი რეალობაა, რომელშიც უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ახალი სტატუს-კვო. იმ ნაწილში, რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას, გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს მიერ არის მიღებული და ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო სისტემა რეპრესიული არ უნდა იყოს და ვერ იქნება. თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცოტა სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც და მოლოდინიც არის შესაბამისი. მძიმე ნარკოტიკი არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ამ გამოწვევას”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები