კახა კალაძე “პირბადეების აქციაზე”: თავად აქცია ძალიან კრეატიული იყო

“თავად აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა, პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს, ძეგლები დაზიანებული და საღებავ გადასხმული იყო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში გამართულ ე.წ. პირბადეების აქციის კომენტირებისას სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მერიაში შესული თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის რეაქცია სავსებით ნორმალური იყო.
“თავად აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა, პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს, ძეგლები დაზიანებული და საღებავ გადასხმული იყო და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო”,- განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის სამსახურში.
თბილისის მერის თქმით, ეკოლოგიის მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა, პროექტები, რომელთა განხორციელებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მოსახლეობას, 29 ნოემბერს, დედაქალაქში არსებული ძეგლები პირბადით დახვდათ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აქცია “ჟანგბადის ნინძების” ორგანიზებული იყო და ამგვარად გამოხატეს პროტესტი დედაქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო.
აქცია მერიის შესაბამის სამსახურებთან წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული, შესაბამისად ის არასანქცირებულად ჩაითვალა და ძეგლების შეურაცხყოფად შეფასდა.
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კი განაცხადა, რომ ორგანიზატორების მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები გავრცელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები