პრემიერ-მინისტრმა „გალერია თბილისი” გახსნა (ფოტოკოლაჟი)

97 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 800 დასაქმებული – თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე „გალერია თბილისი” გაიხსნა.

“თბილისში არის ალბათ ადგილები, რომლებიც ჩვენ ძალიან ბევრ კარგ რამეს გვახსენებს. ეს არის ქალაქი, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული ხასიათი, ხელწერა და ყველას, ვინც თუნდაც ერთხელაც ყოფილა ჩვენს დედაქალაქში, ალბათ გაჰყოლია მოგონება ამა თუ იმ ადგილის შესახებ. რუსთაველის გამზირი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია არა მხოლოდ ჩვენს დედაქალაქში, არამედ ალბათ მთელს სამყაროში. რუსთაველის გამზირზე არის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულ მოგონებებს უკავშირდება – რა თქმა უნდა, ეს არის რუსთაველის თეატრი, თბილისის ოპერა, ცისფერი გალერეა, ალექსანდროვის ბაღით და ის ადგილიც, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ასევე უკავშირდება განსაკუთრებულად თბილ მოგონებებს. მათთვის, ვისაც ეს ადგილი ახსოვს, ის განსაკუთრებით ძვირფასია. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ეს ტერიტორია ახსენდებათ მხოლოდ როგორც ათწლეულობის განმავლობაში შეჩერებული, ჩამონგრეული შენობა, ეს ადგილი გახდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უკვე იმიტომაც, რომ „გალერია თბილისი” იქნება არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრი, არამედ გასართობი, კულტურული ცენტრი. აქ, სავაჭრო ცენტრის გარდა, იქნება გასართობი სივრცეები, ორი თეატრი და ულტრათანამედროვე სტანდარტებითა და აპარატურით მოწყობილი კინოთეატრი. ამიტომაც, განსაკუთრებულად გილოცავთ დღევანდელ დღეს!

პირადად ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა თბილისელისთვის და არა მარტო თბილისელისთვის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, ეს არის ძალიან სასიხარულო დღე, ვინაიდან, ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა შეიძინა ამ უმშვენიერესმა ადგილმა და ჩვენ დღეს გვაქვს უკვე ულტრათანამედროვე ცენტრი „გალერია თბილისი”.

ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ სავაჭრო ცენტრში მსოფლიოში ცნობილი ბრენდები შემოვიდნენ, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოსადმი ნდობა განსაკუთრებულად მაღალია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოყენებული მასალების 90% საქართველოშია ნაწარმოები და ყველაზე რთული სამუშაოები ამ სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესში ქართულმა კომპანიებმა შეასრულეს. მშენებლობისას 2 000 ადამიანი იყო დასაქმებული. დღეს უკვე ამ სავაჭრო ცენტრში 800 ადამიანია მუდმივად დასაქმებული და როგორც მე მითხრეს, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. მთლიანობაში, ამ სავაჭრო ცენტრში 97 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო თანაინვესტირების ფონდს, რომელმაც ეს ძალიან რთული და მოცულობითი პროექტი დაასრულა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აიღო თავის თავზე ეს საქმე და პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, განაახლა და ასეთი სახით დაასრულა. დღეს ჩვენს დედაქალაქს აქვს ეს ულამაზესი ადგილი დასრულებული სახით.

მინდა ვთქვა, რომ თანაინვესტირების ფონდის პორტფელში არის 9 პროექტი – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოების განვითარების მიმართულებით. ტურიზმის განვითარების ფონდში 8 მნიშვნელოვანი პროექტია, რომელთა საერთო მოცულობა 640 მილიონი დოლარია, ხოლო თანაინვესტირების ფონდის მთელი პორტფელის მოცულობა თითქმის 2 მილიარდ დოლარს აღწევს. ეს არის, რა თქმა უნდა, უამრავი დასაქმებული ადამიანი. ყველა პროექტის მასშტაბით, 20 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება ჩვენს ქვეყანაში და მათი დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს რამდენიმე ათასი მუდმივი სამუშაო ადგილი ექნებათ.

ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენს თბილისს კიდევ არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატება განახლებული სახით. ვისურვებდი, განახლებულიყო „ლაღიძის წყლები” და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა. მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და, რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს „ლაღიძის წყლებთან”, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მინდა, ყველა თქვენგანს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ამ მართლაც სიცოცხლით სავსე, ძალიან ლამაზი, თანამედროვე ცენტრის გახსნა. გილოცავთ დღევანდელ დღეს!” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „გალერია თბილისის” გახსნაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები