აკაკი ზოიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, აღსასრულებლად სავალდებულოა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, აღსასრულებლად სავალდებულოა.
ამასთანა, აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და დადებითად აფასებს.
„ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილებები მიიღო, რომლითაც პირად მოხმარებაზე მარიხუანის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს 260-ე მუხლს არ ეხება, რომელიც გასაღებასა და გაყიდვას ეხება. ასე რომ, ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება. მარიხუანის გაყიდვა-გასაღება დასჯად ქმედებად რჩება. უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებული მარიხუანა, სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით, ადამიანები ციხეში არ უნდა გავუშვათ და ეს ნასამართლეობის მიზეზი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე განმარტებით, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ რეპრესიული მეთოდებით ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია.
„ოთხსვეტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა უნდა იყოს – ზრუნვა, მკურნალობა და რეპრესიები. ეს მიდგომა სწორია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ეს მიდგომა სწორია. იმედი გვაქვს, რომ კოლეგებთან დამატებითი არგუმენტაცია გვექნება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ანალოგიური მიდგომა საინექციო ნარკოტიკებზე იყოს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანასთან მიმართებაში მიიღო. მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება“, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები