გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ აღნიშნა, რომ თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი” იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება

„თბილისის აბრეშუმის გზის” ძალიან წარმატებულ ფორუმს – „ერთი სარტყელი – ერთი გზა” 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი ეწვია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ფორუმი ქვეყნისთვის დიდ წარმატებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს წარმატება შედეგის მომტანი აუცილებლად იქნება.
„ჩვენ უკვე გვაქვს ფორუმის განმავლობაში ხელმოწერილი 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება. ჩატარდა უამრავი ორმხრივი შეხვედრა ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ფორუმს ესწრებოდა ორი პრემიერ-მინისტრი – უკრაინისა და მოლდოვის; ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერები ყახაზეთიდან, სლოვენიიდან; ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცე-პრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსული იყო უამრავი მსხვილი კომპანია, გაფორმდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელთაგან რამდენიმეს გამოვყოფ:
– ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდს (EIF) და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 90 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი იქნება გამოყოფილი კონკრეტულად ამ მიმართულებებით;
– ასევე, დაფუძნდა „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი”. ეს არის შანხაის უმსხვილესი ხუასინის ენერგეტიკული კომპანია CEFC-სა და „საპარტნიორო ფონდის” ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი”, რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს;
– ასევე, ეს არის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომლის მიზანიც საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარება საქართველოში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, -„რომ საქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო, ინვესტიციების, ლოგისტიკისა და სერვისების ჰაბი“.
„ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და საწარმოო-საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, არის აბსოლუტურად სწორი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავისი ჩამოსვლით დაადასტურა ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მიმართულებით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ორგანიზებაში. ბევრი სამინისტრო იყო ჩართული. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ძირითადი წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო. გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი ქუმსიშვილმა გააგრძელა; ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, სხვა უწყებებიც. უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გათვალისწინებული იყო ყველაფერი მაქსიმალურად და დიდი მადლობა, რომ მართლაც ასეთ დონეზე წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა“,- აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, ყველამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს ფორუმი იყო ძალიან დიდი წარმატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები