ოთარ დანელია PABSEC-ის გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

„შავი ზღვის რეგიონი ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულ კორიდორს წარმოადგენს. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო პარტნიორი მთელ რიგ მნიშვნელოვან ენერგო თუ ტრანსპორტის პროექტებში,”-მიმართა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ PABSEC-ის გენერალური ასამბლეის პლენარული სესიის მონაწილეებს.
ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველო, როგორც უძველესი აბრეშუმის გზის ნაწილი, აქტიურად მონაწილეობს ჩინეთის მიერ ინიცირებულ პროექტებში _ „ერთი სარტყელი და ერთი გზა”. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ დღეებში საქართველო მასპინძლობს აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელშიც 50 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და რომელზეც რეგიონში ბიზნესისა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო შესაძლებლობებს განიხილავენ.
ოთარ დანელიამ სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა.
„ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის, საქართველოში 4 პუნქტიანი გეგმა ხორციელდება, რომელიც სრულიად პასუხობს სახელმწიფოს მთავარ გამოწვევებს და განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურის, კერძოდ კი სატრანსპორტო ქსელის განვითარებაა, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობას,”- განაცხადა ოთარ დანელიამ.
დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, წარმატებული რეფორმების შედეგად, საინვესტიციო მიმზიდველობის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, ქვეყანა მე-9 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით.
„აქვე უნდა აღინიშნოს, ტურიზმის, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორის მნიშვნელობაც. თუმცა, რჩება ისეთი გამოწვევები, მათ შორის – უსაფრთხოება, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონის თითოეული წევრისთვის არის მნიშვნელოვანი. საქართველოს რეგიონები კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას,”- განაცხადა პლენარულ სესიაზე ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები