ვახტანგ შაქარიშვილი: ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებით, მერიის სტრუქტურები უფრო ეფექტური გახდება

მერიის სტრუქტურები მეტად ეფექტური, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და ნაკლებად ბიუროკრატიული უნდა გახდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კახა კალაძის გადაწყვეტილება ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების შესახებ – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა გააკეთა.
შაქარიშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დიდი ადგილი სწორედ არქიტექტურის სამსახურის და ურბანული პოლიტიკის ძირეულ რეფორმირებას ეხებოდა.
„რეფორმა ითვალისწინებს როგორც სტრუქტურულ ცვლილებებს, ასევე ცვლილებებს ხედვების და მიდგომების თვალსაზრისითაც. შესაბამისად, ახალი მერის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება ერთ მიზანს, რომ მერიის სტრუქტურები გახდეს უფრო მეტად ეფექტური, ხელმისაწვდომი და ნაკლებად ბიუროკრატიული“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისვე თქმით, ფუნქციებს, რომლებსაც ე.წ. ზონალური საბჭო ასრულებდა, არქიტექტურის სამსახური შეითავსებს. საკრებულოს უმრავლესობის წევრის განმარტებით, მოხდება არქიტექტურის სამსახურის ძირეული ცვლილება და შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც ქალაქის საჭიროებებზე, ქალაქის სწორ განაშენიანებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
რაც შეეხება კახა კალაძის მიერ თბილისის მერიაში არსებული რამდენიმე კომისიის გაუქმებას, ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, ეს იყო კონკრეტული საკითხების ირგვლივ შექმნილი კომისიები, რომელთა გაუქმების შემდეგ, მათ ფუნქციებს ის სამსახურები შეითავსებენ, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ისედაც იღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები