არჩილ თალაკვაძე: სუს-მა და შსს-მ დამაჯერებლად შეასრულა ამ სპეცოპერაციის ორივე ამოცანა

„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ დამაჯერებლად შეასრულეს ამ სპეცოპერაციის ორივე ამოცანა – მოსახლეობის დაცვაც და საფრთხის განეიტრალებაც“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ივანე გოლოშვილი სამუდამოდ დარჩება გმირების ისტორიას,-“მან თავდადების მაგალითი მისცა მთელს ქვეყანას და ბუნებრივია, ჩვენ ქედს ვიხრით მისი ვაჟკაცობის წინაშე“.

„როცა საქმე ეხება ტერორიზმს და ეროვნულ უსაფრთხოებას, ყველა კითხვას საჯარო პასუხები  ვერ გაეცემა, ეს აღნიშნეს ჩვენმა კოლეგებმაც. პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ სპეცოპერაციის შესახებ. ასევე კოლეგებს ოპოზიციიდან მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს. ამიტომ აპელირება იმაზე თუ რომელ ტერორისტს რა სახელი და გვარი ან პასპორტი ჰქონდა, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია და ჩემთვის ცოტა გასაკვირია, როდესაც თქვენ გაცხადებულ მიზნად გაქვთ დასავლური ტიპის სახელმწიფოს შენება, რომლის მაგალითებიც და საყრდენი ცენტრებიც არის ისეთი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, ბრიუსელი, პარიზი, სადაც სამწუხაროდ ტერაქტებს ჰქონდა ადგილი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის სოლიდარობა და კონსოლიდაცია ამ ტერორისტული აქტების შემდეგ, რასაც სამწუხაროდ, აქ ვერ ვხედავთ!  მიმდინარე პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ძალიან კორექტულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა მეორე ნაწილი, აგერ უკვე გამოირჩევა კრიტიკით და თავდასხმებით ჩვენი სპეცსამსახურების მიმართ, რაც მიუღებელია და ელემენტარული უმადურობაა იმ ადამიანების მისამართით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები