ბარამიძე ბათუმის ხანძარზე: უცხოელთან ვერც კი მივიდნენ და პასუხი ვერ მოსთხოვეს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიგლა ბარამიძე, ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა.
ბარამიძემ რამდენიმე წლის წინ ქობულეთში, სასტუმრო „არმაზის“ დაწვის ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ორ საქმეზე შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე.
ამის შესახებ გიგლა ბარამიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს ის ტრაგედია, რაც ჩვენს აჭარაში, ბათუმში მოხდა. ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ ქობულეთშიც მოხდა, მაგრამ ხელისუფლებამ და შესაბამისმა სამსახურებმა ვერნაირი დასკვნები ვერ გამოტანეს. ახლა, დაახლოებით იგივე მოხდა ბათუმში, იმ განსხვავებით რომ ქობულეთში სასტუმროს მფლობელი ჩვენი თანამოქალაქე იყო, და მან მყისიერად აგო პასუხი, ბათუმის შემთხვევაში კი უცხოელთან და მასთან ვერც კი მივიდნენ და პასუხი ვერ მოსთხოვეს. კი არ ვამბობ რომ გინდა თუ არა დაეჭირათ, მაგრამ, ვფიქრობ შერჩევითი სამართალი მიუღებელი და არასწორია“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
2 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასტუმროს მფლობელი, თურქი ბიზნესმენი ეროლ ავგორენია.
ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ ხანძარი ორი წლის წინ გაჩნდა. ტრაგედიას ცეკვის ანსამბლის სამი წევრი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლნენ. სასტუმროს მფლობელი ზაზა ართმელაძე, მიმდინარე წლის მაისში, გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლის ართმელაძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები