ამირან სალუქვაძე: ექსპერტიზამდე საუბარი იმაზე, არის თუ არა სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ჩატაევი, ნაადრევია

„ვარაუდების დონეზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იკვეთება რუსეთის ინტერესები, რადგან მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, რომ საქართველო არის ტრანზიტული სახელმწიფო ტერორისტებისთვის“, – ქართული სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემო არსებულ კითხვებს, ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
ამირან სალუქვაძის თქმით, ექსპერტიზის პასუხების გამოქვეყნებამდე, საუბარი იმაზე, თუ ვინ იყვნენ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები, ნაადრევია.
„გამორიცხული არაფერია. ექსპერტიზამდე საუბარი იმაზე, არის თუ არა ჩატაევი, რომელმაც შაჰიდის ქამრით თუ ხელყუმბარით თავი აიფეთქა, არ აქვს მნიშვნელობა, წარმოდგენილი ხომ უნდა იყოს იქიდან რა დარჩა, ასევე ხომ გააჩნია ასაფეთქებელი ნივთიერებების მოცულობასა და სიმძლავრეს. შესაბამისად, დადასტურებული საუბარი, რომ ესა და ესა პიროვნებაა, ნაადრევია. მე არ მინახავს და ვერ ვიტყვი, მაგრამ ვინც ნახა, ისიც კი ვერ ისაუბრებს დანამდვილებით არის თუ არა ის კონკრეტული პიროვნება, სანამ არ ჩატარდება ექსპერტიზა. არის თუ არა ჩატაევი, ყველა შემთხვევაში გამოძიებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი. ასევე, თუ რა კავშირები ჰქონდა ამ ჯგუფს, რა გზებით შემოაღწია საქართველოში, როგორ მოახერხა იარაღის შეძენა ან შემოტანა და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვაა, რაზეც გამოძიებას პასუხის გაცემა მოუწევს და ვის აწყობდა საერთოდ ეს ყველაფერი. ჩვენ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, იკვეთება რუსეთის ინტერესები, რადგან მუდმივად მიდის საუბარი იმაზე, რომ საქართველო არის ტრანზიტული სახელმწიფო ტერორისტებისთვის და ჩვენ ამას ყველა, ჩემი კოლეგები, პოლიტიკოსები, მედია ხელს ვუწყობთ, რადგან სულ ამაზე ვსაუბრობთ. ამ კადრების ტირაჟირება არ არის ხელსაყრელი და დანამდვილებით რომ ამაში რუსეთი დავადანაშაულოთ, რთულია.. ამას სჭირდება შესაბამისი მასალები“,- განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
სალუქვაძემ სპეცოპერაციის ეფექტურობაზე ისაუბრა და ის ოთხი კრიტერიუმი გამოყო, რომლის მიხედვითაც სპეცოპერაცია მისი დასრულების შემდეგ ფასდება.
„პირველი ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება; მეორე არის მიზნის მიღწევა – ეს არის ჯგუფის აყვანა ან ლიკვიდაცია; მესამე სპეცრაზმელების ნაკლები დანაკარგი, სპეცოპერაცია ისე უნდა ჩაატარო, რომ მთელი ქვედანაყოფი არ შეწირო, და მეოთხე, _ ნაკლები მატერიალური ზარალი“,- აღნიშნა სალუქვაძემ და დასძინა, რომ მოსალოდნელი იყო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის აფეთქება და ბოლომდე განადგურება.
გენერალი სალუქვაძე იმ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომ თითქოსდა 22-23 ნოემბერს სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია ქართველი სამართალდამცველების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო. ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ეს არ იყო დადგმული სპეცოპერაცია.

„99% ეს არ იყო სპექტაკლი… 100% იმიტომ არა, რომ 100%-იანი ვარაუდი, როგორც 0%-იანი, არ არსებობს. ვფიქრობ, რაღაც სერიოზული უნდა მომხდარიყო“,- აღნიშნა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები