დავით საგანელიძე – „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ“

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, რომლებმაც საქართველო გლობალური ბიზნესისთვის ხელსაყრელ ქვეყნად აქცია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზეც რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ“ – ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პანელი „გამოიყენე საინვესტიცოო შესაძლებლობები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის მენეჯმენტთან ერთად, თბილისში 28-29 ნოემბერს მიმდინარე ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან 2000-მდე მეტი დელეგატი ესწრება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ სიტყვით გამოსვლისას დავით საგანელიძემ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობის და საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„დღეს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ისევე, როგორც საქართველო თანამედორვე გეოპოლიტიკურ რუკაზე. დიდია საქართველოს როლი, ბატონი სი ძინ პინის მიერ ინიცირებულ უმნიშვნელოვანეს გლობალურ, საუკუნის პროეტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა” და ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება ევროპისა და ჩინეთის კარიბჭე უზარმაზარი პოტენციალით. საქართველო ჩამოყალიბდა სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, „აბრეშუმის გზის ფორუმი” კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, დავით საგანელიძემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში „საპარტნიორო ფონდის“ როლისა და ფონდის საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები კი – მათთვის სერიოზული სიგნალი.
„მსოფლიო საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. სანდო პარტნიორია ინვესტორებისთვის საქართველოში „საპარტნიორო ფონდიც“. „საპარტნიორო ფონდმა“ თავისი არსებობის ექვსწლიანი ისტორიის განმავლობაში, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად, ბიზნესის განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად მნიშვნლოვანი როლი შეასრულა და დღეს ინვესტორებისთვის ბიზნესის წარმატების გარანტად მიიჩნევა. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ რეგიონები და ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჯერ არ არის ათვისებული. ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ჩვენი თანამონაწილეობა კი ამ მოცულობაში 350 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ ჩვენს მიერ ინვესტირებულმა ერთმა დოლარმა შვიდი დოლარი მოიზიდა. მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ეს ყოველწლიურად მზარდი მონაცემები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ როგორი პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს ჩვენ წინაშე უახლოეს მომავალში და ეს საქართველოს გლობალური დატვირთვის მქონე პროექტებში აქტიურ ჩართულობას უკავშირდება“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა.
დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ფორუმი, რომელიც საქართველოში მეორედ იმართება, გამართლებული საშუალებაა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უკვე მოჰყვა ქმედითი ნაბიჯები და სერიოზული შედეგიც. „საპარტნიორო ფონდმა“ გამოიყენა ფორუმის შესაძლებლობები. სწორედ ფორუმის ფარგლებში გააფორმა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ის შორის და დაფუძნდა ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. ასევე, დღეს ვაფორმებთ ხელშეკრულებას ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანია CNCEC-სთან. ფორუმის ფარგლებში, ასევე, მოლაპარაკება შედგა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერ ბანკ INCEC-ისთან. ჩინეთში სიდიდით პირველმა ბანკმა INCEC-მ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილი სწორედ მას შემდეგ გამოთქვა, რაც ფონდმა მოკლე დროში ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობის შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმა“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
პანელზე „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგი; საინვესტიციო ჯგუფი BGEO-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე; „ნენსკრა ჰესის“ გენერალური დირექტორი ტაეკვონ სიო; „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბიურგერი და „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი.
პანელში მონაწილე გამომსვლელებმა „საპარტნიორო ფონდის“ მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სანდო და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის ფონდის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადეს.

დავით საგანელიძემ ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ სხვადასხვა სესიაში მიიღო მონაწილეობა. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მოწყობილ პანელებში მონაწილეობდნენ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ იმართება და ის ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელებაა. ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” პარტნიორია „საპარტნიორო ფონდი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები