თბილისში “აბრეშუმის გზის” ფორუმი გრძელდება

თბილისში “აბრეშუმის გზის” ფორუმი გრძელდება. დღეს, 29 ნოემბერს, ფორუმის მეორე დღეს, 10.15 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ პანელი: გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები (პირველი სესია: საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები) გაიმართება, რომელსაც მოდერატორობას ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი გაუწევს.
პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გელენიძე, JSC Nenskra Hydro-ის ვიცე აღმასრულებელი დირექტორი ტაიკვონ სეო, Silk Road Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი და The Bitfury Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ვალერი ვავილოვი. პანელი მოხსენებების შემდეგ, დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, ამასთან, მონაწილეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.
პანელზე მოხდება შემდეგი საკითხების განხილვა: საქართველოში ინვესტირებისათვის არსებული მიმზიდველი ლიბერალური ბიზნესგარემო (ბიზნესის კეტების სიმარტივე, კორუფციის არარსებობა, შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები, დაბალი გადასახადები და სხვა); საზღვარზე მაღალკვალიფიციური სასაზღვრო კონტროლი საერთაშორისო მოგზაურებისა და პროდუქციისთვის; სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მტკიცე მხარდაჭერა; დივერსიფიცირებული საინვესტიციო გარემო.
პანელზე განიხილება და ხაზი გაესმება საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ, გაზრდის ინფორმაციულობას სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, კერძო სექტორს მიეცემა გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, გამოვლინდება ინვესტირების პოტენციური მსურველები.
თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” 2017 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის “აბრეშუმის ფორუმის” გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის, ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის “აბრეშუმის გზის ფორუმზე” დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები