“ბილტმორში”, 16:45 საათზე პანელი „ციფრული კავშირი“ გაიმართება

28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით, თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” გაგრძელებაა და მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას წარმოადგენს. 2017 წლის “აბრეშუმის გზის ფორუმზე” დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ჩამოდის.

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში 28 ნოემბერს 16:45 საათზე სასტუმრო „ბილტმორში” გაიმართება პანელი „ციფრული კავშირი“, რომელსაც მოდერატორობას ცნობილი ჟურნალისტი, Reuters-ის მთავარი რედაქტორი აქსელ თრელფოლი გაუწევს. პანელში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი ლოურენს მერედიტი, მსოფლიო  ბანკის მთავარი ეკონომისტი, დოქტორი სტეფკა სლავოვა, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს  დირექტორი (ITU-D) ბრაჰიმა სანოუ, სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი ვაჰან მარტიროსიანი, უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარებისა და რეგულირების სახელმწიფო მდივანი ისტვან ლეპსენი და China Telecom Global Limited-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ სიაო ფენი.

მოხსენებების შემდეგ პანელი დისკუსიის რეჟიმში წარიმართება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სარტყელი და გზა – გაფართოებული კავშირები – განვითარების კარიბჭე; ციფრული ეპოქისა და გლობალური ინტერნეტპოლიტიკის გამოწვევები და ტენდენციები;  ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების აუცილებლობა ციფრული ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად და ციფრული ხარვეზების აღმოფხვრა; ღია, უსაფრთხო და დაცული კიბერსივრცის უზრუნველყოფა სახელმწიფო ორგანოებისა და კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის; ICT კვლევის მნიშვნელობა, ინოვაციები და სტარტაპების ეკოსისტემა აბრეშუმის გზის ქვეყნებში ციფრული ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად; ICT სფეროში აბრეშუმის გზის ქვეყნების მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, პანელის მონაწილეები პასუხს გასცემენ დამსწრეთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

პანელის მიმდინარეობისას განიხილება/განისაზღვება: რეგიონში ციფრული კავშირის უზრუნველყოფის ძირითადი გამოწვევები, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი რეგიონში ციფრული კავშირის განვითარების ხელშეწყობაში და ICT სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე მოხდება ღია, უსაფრთხო და დაცული კიბერსივრცის კომპონენტებზე გამოცდილების გაზიარება.

მაღალი სიმძლავრის ციფრული კავშირი შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა  გახდეს აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელს შეუწყობს რა უფრო ეფექტურ  და მაღალკონკურენტულ, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადავიდნენ. ეკონომიკის გარდა, ციფრული კავშირი ასევე თანამედროვე საზოგადოების შეუცვლელი ნაწილი ხდება განათლების მიღების, საჯარო მომსახურების, სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის, სამეწარმეო, გართობისა და სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, აუცილებელია, მაქსიმალურად დაიხვეწოს ქვეყანათაშორისი ინფრასტრუქტურა.

ციფრული კავშირი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მიწოდების ჯაჭვს ლოგისტიკის, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, სავაჭრო მარშრუტებისა და დერეფნების დაახლოებისა და ინტეგრირების გზით. ICT და უნივერსალური მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა არის ურთიერთკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. მზარდი აუთსორსინგისა და ოფშორული კომპანიების ფონზე, ფიზიკური ინფრასტრუქტურის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ეს გავლენას მოახდენს ფირმებისა და ინვესტორების  მიერ ადგილმდებარეობის შერჩევისას.

ამასთან, ხშირად მაღალი დონის ICT ინფრასტრუქტურის მქონე  ეკონომიკებიც კი აწყდებიან ბარიერებს საკუთარი კავშირის შესაძლებლობების ბიზნესის სფეროში დანერგვისას. გაერთიანებული ერების საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის მოხსენების თანახმად, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის 10% ზრდა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 0,2%-ით ვლინდება.

რეგიონის განვითარებადი ბაზრების და განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილი განსაკუთრებით კარგად მუშაობს ინფრასტრუქტურულ მხარეზე, თუმცა, მათი კავშირი ჯერ კიდევ არ არის სრულად დანერგილი ბიზნესში. ეს გულისხმობს არსებული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ბარიერების არსებობას. ICT ინფრასტრუქტურის, ინტეროპერატიულობისა და საინფორმაციო ნაკადის უწყვეტობის ნაკლებობა ამცირებს დიჯიტალიზაციის მიღებულ სარგებელს.

პანელი-დისკუსია მიზნად ისახავს ახალი პარტნიორული კავშირების ინიცირებას, ქვეყნებს შორის ცნობიერების და ცოდნის ამაღლებასა და გამოცდილების გაცვლას, მსოფლიოს მასშტაბით ციფრული კავშირის განვითარებისთვის ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები