“მერაბიშვილის დაპატიმრების მიზანი პოლიტიკური სცენიდან მისი ჩამოშორება არ იყო, თუმცა, დამტკიცებულია, რომ ის საკნიდან გაიყვანეს”

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევა მერაბიშვილის დაკავებით ან წინასწარი პატიმრობით – ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
სტრასბურგის სასამართლომ „ერთხმად დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფის დარღვევა (სასამართლო პროცესის გონივრულ დროში ჩატარებისა ან სასამართლომდე გათავისუფლების უფლება) მისი თავდაპირველი წინასწარი დაპატიმრებით; ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი იმასთან დაკავშირებით, რომ სულ მცირე 2013 წლის 23 სექტემბრიდან მისი წინასწარი დაპატიმრება აღარ არის საკმარისად საფუძვლიანი; ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად. სასამართლომ არ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება ძირითადად მისი საქართველოს პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას უკავშირდებოდა. თუმცა, სასამართლომ წინასწარი დაკავების პერიოდში მისი საკნიდან ფარულად გაყვანა და გვიან ღამით დაკითხვა საფუძვლიანად და შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის თავისუფლების უფლების შეზღუდვას უწყვეტი სახე მიეცა. სასამართლომ ყველა გარემოს გათვალისწინებით დაადგინა, რომ შეზღუდვის ძირითადი მიზანი დროთა განმავლობაში შეიცვალა.
თუკი, თავდაპირველად მიზანი იყო გონივრულ ეჭვებზე დაფუძნებული დარღვევების გამოძიება, მოგვიანებით, ძირითადი მიზანი გახდა ჟვანიას გარდაცვალების საქმესა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. უმთავრესი მიზანი იყო ფარული, რასაც კონვენცია არ ითვალისწინებს – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები