ლევან იზორია დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვას დაესწრო

თბილისში, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი, ივანე გოლაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ძმათა სასაფლაომდე ლევან იზორია პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქაშვეთის ტაძარში ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები