„ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებიდან ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო იყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე – ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე“, – აცხადებენ სამინისტროში.
24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, 21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები