“მადლობა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, რომ სპეცოპერაციისას დაზიანებული სახლიდან ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი ნივთები გამოეტანათ”

“მადლობა მინდა ვუთხრა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, რომ ამ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა ასულიყვნენ და საკუთარი ნივთები გამოეტანათ თავიანთი ოჯახებიდან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაბრიელ სალოსის ქუჩიდან პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მათ თავიანთი ნივთების გამოტანის საშუალება ჰქონოდათ სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსიდან.

“მოქალაქეებმა მოგვმართეს თხოვნით, მათ სურდათ საკუთარი ნივთების გამოტანა. მადლობა მინდა ვუთხრა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, რომ ამ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, ასულიყვნენ და საკუთარი ნივთები გამოეტანათ თავიანთი ოჯახებიდან. დროებით ეს ადამიანები ისევ მოთავსებულნი იქნებიან სასტუმროებში და დროებით საცხოვრებელ ფართებში. როგორც კი დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, ყველანაირად მოვაწესრიგებთ არსებულ კორპუსს, რომ საცხოვრებლად შესაბამის მდგომარეობაში იყოს მოყვანილი”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მან დაზიანებული კორპუსის აღდგენით სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, თბილისის მერიის ლაბორატორია დაიწყებს მუშაობას და ცნობილი გახდება, რამდენად შეესაბამება აღნიშნული კორპუსი აღდგენას.

“გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, არსებულ მდგომარეობას რაც შეეხება, 22 ოჯახი გადაყვანილია და უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ადგილით, ეს ოჯახებია, რომლებმაც მოგვმართეს და შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნენ ყველანაირად. როგორც კი კრიმინალ-გამომძიებლები დაასრულებენ საგამოძიებო სამუშაოებს, თბილისის მერიის ლაბორატორია დაიწყებს მუშაობას და გავიგებთ, რამდენად შეესაბამება ეს კორპუსი აღდგენით სამუშაოებს და თუ გვექნება დადებითი დასკვნა, მაშინვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს”,- განაცხადა კახა კალაძემ პირდაპირ ჩართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები