ნინო ლომჯარია: ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერაც მოვიპოვო

„ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროცესში მოვიპოვო საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერაც”, – აცხადებს „ქართული ოცნების” სახალხო დამცველობის კანდიდატად დასახელებული ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, ინტერესის შემთხვევაში, ყველა საპარლამენტო ფრაქციას შეხვდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. აქვე ლომჯარია არასამთავრობო სექტორს და საპარლამენტო უმრავლესობას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

”პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში დაღუპული პირების გამო. წუხანდელი ღამის ტრაგიკული მოვლენების გამო, ვერ გამოვეხმაურე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ჩემი კანდიდატურის დასახელებას სახალხო დამცველის პოსტზე. მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ ძალას ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გათვალისწინებისთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს, თითოეულ თქვენგანს, გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის. წინ საპარლამენტო განხილვებია და აქვე მინდა გამოვხატო ჩემი მზადყოფნა, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას, მათი სურვილის და ინტერესის შემთხვევაში და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროცესში მოვიპოვო, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა”, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ, ომბუდსმენის კანდიდატად ნინო ლომჯარია დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები