„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – ჟან რონდოს ჯადოსნური კონცერტი

ჟან რონდო - ილია ბაბურაშვილის ფოტო

20 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი გაიმართა. ამ კონცერტის სოლისტი – ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი)  ფესტივალში შარშან მონაწილეობდა და ქართველი მსმენელების გულები დაიპყრო. სწორედ ამან განაპირობა მისი კვლავ თბილისში ჩამოყვანა.

უკრავს ჟან რონდო – ილია ბაბურაშვილის ფოტო

ჟან რონდო  ბლანდინე ვერლეტთან ათი წელი სწავლობდა კლავესინზე დაკვრას, რის შემდეგაც დაეუფლა basso continuo-ს, ორგანს და ფორტეპიანოს; ამას მოჰყვა გაკვეთილები ჯაზსა და იმპროვიზაციაში, კომპოზიციასა და დირიჟორობაში. ჟანი ატარებს კვლევებს პარიზის კონსერვატორიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. ასევე წარჩინებით აქვს დამთავრებული „Guildhall School of Music and Drama“ ლონდონში, სადაც ჟიურიმ მიანიჭა გამორჩეული კლავესინისტის და basso-continuo-ს შემსრულებლის ჯილდო. ჟან რონდო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. მასზე, როგორც სოლო და კამერული მუსიკის შემსრულებელზე დიდი მოთხოვნაა მთელი ევროპის, ამერიკისა და აზიის მასშტაბით.
მისი უახლესი კომპაქტდისკია „დინასტია“, სადაც მუსიკოსი იოჰან სებასტიან ბახის სამი შვილის: ვილჰელმ ფრიდემანის, კარლ ფილიპ ემანუელის და იოჰან კრისტიანის კონცერტებს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის კონცერტი, ჟან რონდოს და „საქართველოს სინფონიეტას“ შესრულებით ფესტივალის მსმენელებმა 20 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში ცოცხლად მოისმინეს.
“ინგლისელი ბახის“ მე-6, ფა მინორული კონცერტი კლავესინის, სიმებისა და ბასო კონტინუოსათვის 3 აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის ნაწილს მოიცავს: პირველი ნაწილი არის ძლიერი შინაგანი იმპულსით დატვირთული, მეორე ნაწილი – მეტად რომანტიკული და მელოდიური, ხოლო კონცერტი თავმომწონე, ხალისიანი და ვირტუოზული presstissimo-თი მთავრდება.
იოჰან კრისტიან ბახმა დიდი ზეგავლენა მოახდინა კლასიკოსების მუსიკალურ სტილზე, კერძოდ კი – მოცარტის საკონცერტო ჟანრის ნაწარმოებებზე. იოჰან კრისტიანის მუსიკაში იგრძნობა გარდამავალი ეპოქისთვის დამახასიათებელი განსხვავებული მუსიკალური სტილების სინთეზი. ჟან რონდოს შესრულებაში სწორედ ეს განსხვავებულობა იყო კარგად გამოკვეთილი:
პირველ ნაწილში სოლისტმა და ორკესტრმა ზუსტად წარმოაჩინა მუსიკის ექსპრესიულობა და დაძაბული ტემპო-რიტმი; მეორე ნაწილში ფრანგი მუსიკოსი ძლიერ რომანტიკული იყო. მიუხედავად ინსტრუმენტის სპეციფიკური საშემსრულებლო შესაძლებლობისა, რომელზეც „ლიგირებული“ ფრაზების შესრულება მეტად რთული და ზოგჯერ თითქმის შეუძლებელია, კლავესინისტმა საოცარი სიღრმით და სირბილით დაუკრა, რასაც ერთვოდა ორკესტრის საპასუხო ფრაზები სავსე ბგერით და ოდნავი ვიბრატოთი, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებდა მუსიკის რომანტიკულობას და უფრო მეტიც, დრამატულს ხდიდა მას; კონტრასტულად განსხვავებული მესამე ნაწილი კი მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს. მათ კარგად გადმოსცეს ამ ნაწილისთვის დამახასიათებელი სილაღე და სიმსუბუქე. მეტად მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ანსამბლურობა რაც მთავარი ფაქტორია ამ ეპოქის მუსიკის შესრულებისთვის: სოლისტი და ორკესტრი ერთი ორგანიზმივით უკრავდა, გარდა სოლისტის კადენციებისა, სადაც ჟან რონდომ საოცარი ვირტუოზულობა და ინდივიდუალიზმი გამოავლინა.
ჟან რონდოს, როგორც სოლო შემსრულებლის ინდივიდუალიზმი ასევე კარგად ჩანდა კონცერტის პირველ განყოფილებაში, სადაც დომენიკო სკარლატის სონატები შეასრულა. ეს ნაწარმოებები მუსიკალური შედევრებია, რომელსაც პოპულარობა მაშინაც კი არ დაუკარგავს, როცა ბაროკოს ეპოქის მუსიკა მივიწყებული იყო. დ. სკარლატის სონატები ყველა პიანისტის რეპერტუარშია. იმდენად უნივერსალურია, რომ მისი ნებისმიერი სტილით შესრულება, ეს იქნება ავთენტური, თუ რომანტიკული, ყოველთვის ერთნაირად საინტერესოა, თითქოს თავად კომპოზიტორი გაძლევს შესრულების თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჟან რონდომ სონატები ავთენტურად შეასრულა, ყველა არტიკულაციისა და დინამიკის დაცვით, იგი მაინც გამოირჩეოდა ინდივიდუალიზმით, რაც მუსიკოსის ოსტატობაზე მეტყველებს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო პაუზები და ფერმატოები, რომელსაც სკარლატის სონატებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და ეს მუსიკოსს კარგად ჰქონდა გააზრებული. ეს არ იყო მხოლოდ პაუზები, ეს იყო წამები, როცა უნდა გეგრძნო მუსიკის კოსმიურობა და ეს შემსრულებელთან ერთად აუდიტორიამაც განიცადა, თითქოს მთელი დარბაზი სხვა სამყაროში იმყოფებოდა.
ჯადოსნური კონცერტი დასრულდა, თუმცა აუდიტორიის ოვაციები არ ცხრებოდა. კონცერტის შემდეგ უამრავი ადამიანი კითხულობდა, კიდევ  როდის ექნებოდათ ჟან რონდოს მოსმენის საშუალება. იმედი გვაქვს, ქართველი მსმენელის სურვილი ახდება და ფრანგ ვირტუოზს არაერთხელ ვიხილავთ ქართულ სცენაზე, მანამდე კი ფესტივალის შემდეგ კონცერტს ველით, რომელსაც მულტიინსტრუმენტალისტი – სერგეი მალოვი 24 ნოემბერს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტს რუსთაველის თეატრში გამართავს.

თეა მუქერია

ილია ბაბურაშვილის ფოტოები

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები